Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ტერიტორიაზე


ფოტო არქივიდან: ისრაელის ბირთვული რეაქტორი ქალაქ დიმონასთან
ფოტო არქივიდან: ისრაელის ბირთვული რეაქტორი ქალაქ დიმონასთან

ისრაელის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც სირიიდან გაშვებული რაკეტა აფეთქდა ისრაელის სამხრეთში, ქალაქ დიმონასთან მდებარე ბირთვული რეაქტორის მახლობლად. ისრაელის არმიის თანახმად, სირიიდან ნასროლი რაკეტა რეაქტორიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ჩამოვარდა. მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ არაფერს იუწყებიან.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია ისრაელის სარაკეტო იერიში, რომლის სამიზნე იყო დედაქალაქის გარშემო მდებარე რაიონები, მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიჭრა და არის მატერიალური ზარალიც.

სააგენტო Reuters-ი სირიელ სამხედროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ქალაქ დუმაირთან, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები იმყოფებიან.

ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ცოტა ხნის წინ, ისრაელს შურისძიებით დაემუქრა ირანი. 11 აპრილს, ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის ელექტროსისტემაში მოხდა ავარია, რომელიც თეირანმა ტერორიზმის აქტად გამოაცხადა და ბრალი ისრაელს დასდო.

XS
SM
MD
LG