Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰპირდებიან საქართველოს ევროკავშირში?


ბრიუსელში მყოფმა „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა მოიპოვოს და ევროკავშირის წევრის ერთგვარი შუალედური სტატუსიც მიიღოს. 

მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას დიდი ინტერესით შეხვდა საზოგადოების ერთი ნაწილი. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „ლელოს“ სხვა ლიდერებთან ერთად, შეხვედრებს მართავდა ევროკავშირის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

  • კონკრეტულად რა ინფორმაცია აქვს „ლელოს“ და რა დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა რადიო თავისუფლებამ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით?
  • რა არის მოსალოდნელი მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში?

ბადრი ჯაფარიძემ გვითხრა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი საქართველოსთვის საგზაო რუკის, როგორც ახალი, ჯერჯერობით არარსებული ინსტრუმენტის, მინიჭება ევროპარლამენტარების მიერ გააქტიურებული იდეაა და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა ეს „თაფლაკვერი“ მოიპოვოს; თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ევროპარლამენტარების იდეაა:

„არ მითქვამს, რომ ევროკავშირში წევრობის საგზაო რუკა უკვე არსებობს და ის საქართველოს მალე მიენიჭება. ამაზე მსჯელობა დაიწყეს ევროპარლამენტარებმა, რომ როგორც ნატოს წევრობისთვის არსებობს საგზაო რუკა (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა MAP), ისეთივე შეიქმნას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და თუკი ასეთი რამ მოხდება, საქართველოს ექნება ამ რუკის მოპოვების შესაძლებლობა, თუკი, ცხადია, ჩვენ ვიმოქმედებთ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ევროპარლამენტში გვითხრეს, რომ ეს ინიციატივა ეფუძნება დამოუკიდებელ კვლევას, რომელიც ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც უკვე წევრობის კანდიდატები არიან. ეს კვლევა ევროპარლამენტარების ინიციატივით ჩატარდა... მე ამ ინიციატივას ვუყურებ როგორც საქართველოს სერიოზულ შანსს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბადრი ჯაფარიძე.

მისი თქმით, ბრიუსელში დიდია დაინტერესება 19 აპრილს (ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის) ხელმოწერილი შეთანხმების წარმატებით განხორციელების მიმართ და ევროპელი პარტნიორები მზად არიან, სრულად გააკონტროლონ პროცესი, რომელიც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

„ამ შეთანხმების წარმატებით განხორციელება უკვე კარგი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ ჩვენ დავანახოთ ევროკავშირს, ევროპარლამენტს, რომ საქართველო მართლაც იმსახურებს ამ ტიპის საგზაო რუკას... შემდეგ ჩვენ უნდა ჩავატაროთ მაღალი ხარისხის ადგილობრივი არჩევნები.

ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, რომ (როგორც ეს შეთანხმებაშია) „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43% და ამის საფუძველზე, უკვე 2022 წელს, ასევე ევროპული სტანდარტით უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ვფიქრობ, სწორედ ასეთ პარლამენტს ექნება სრული უფლებამოსილება, მიმართოს ევროკავშირს გაწევრიანების ამბიციით“, - გვეუბნება „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

რას ეყრდნობა იმედები საგზაო რუკაზე?

20 აპრილს, ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის 2-დღიანი სესიის დასრულების შემდეგ, ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირს უფრო მკაფიო მიდგომები უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის მიმართ.

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, რომელიც 2009 წელს ამოქმედდა, საქართველოსთან ერთად, ჩართულია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი.
  • ამ ექვსი ქვეყნიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმებული აქვს მხოლოდ სამს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

ევროპარლამენტარ კუბილიუსს არც საგზაო რუკა უხსენებია და არც გაწევრიანების შუალედური სტატუსი, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით მან საგანგებო აქცენტი დასვა და ბრიუსელში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ახსენა. ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ევროპარლამენტარების მიერ წამოწყებული დისკუსია უკვე ევროკავშირის ინსტიტუციებში და მათ შორის - ევროპარლამენტშიც მიმდინარეობს:

„ჩვენ გვინდა, დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ იყოს უფრო გახსნილი და უფრო ამბიციური თავისი ხედვებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ლოგიკით, რომელიც წინ წამოსწია ბრიუსელში მოქმედმა კვლევითმა ორგანიზაციამ (CEPS). მათ ანგარიშში ჩანს, რომ არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის - მათი განვითარების, მიღწევებისა და ინტეგრაციის წარმატებების კუთხით. ამ ჭრილში საქართველო ლიდერობს ორივე ამ ჯგუფში.

ეს წარმოშობს ძალიან მარტივ შეკითხვას - რატომ აქვს დღემდე ევროკავშირს ორი განსხვავებული პოლიტიკა - ერთი მხრივ, ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ გაწევრიანების პერსპექტივა; ხოლო მეორე მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის როგორიც არიან, მაგალითად - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომლებსაც ჯერჯერობით არა აქვთ ნათელი წარმოდგენა, როგორ განვითარდება მოვლენები ევროკავშირში მათ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ამის გამო წამოვიწყეთ ჩვენ რეალური დისკუსია ინსტიტუციებთან აქ, ბრიუსელში - როგორ უნდა გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა უფრო ამბიციური და უფრო მკაფიო - თავის დაპირებებში ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - თქვა 20 აპრილს ანდრიუს კუბილიუსმა.

მეტი დეტალის მოძიება რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ბრიუსელიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კი, ამ ეტაპზე ამ საკითხზე მუშაობა არ არის დაწყებული ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურაში, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება. ევროკომისიაში მუშაობა დაწყებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გაძლიერებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შემუშავებაზე და პროცესი სავარაუდოდ შემოდგომამდე გასტანს. ახალი ეკონომიკური პაკეტის შესახებ ლაპარაკი იყო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფორმატშიც.

ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები, ამ კუთხით უფრო მოგებიან პოზიციაზე არიან და, სავარაუდოდ, მეტ დახმარებას უნდა მოელოდნენ.

საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის გარკვეული სიახლეები გაახმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც, რომელიც საქართველოში 20 აპრილს ბევრისთვის მოულოდნელად ჩამოვიდა, 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. მედიაციის პროცესი პოლიტიკურ პარტიებს შორის საქართველოში 1 მარტს სწორედ პრეზიდენტმა მიშელმა წამოიწყო.

20 აპრილს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირისგან მეტის მიღება საქართველოში რეფორმების წარმატებაზე იქნება დამოკიდებული; თუმცა, მისი სიტყვებით, ბრიუსელში უკვე ფიქრობენ ასოცირების შეთანხმების გაძლიერებაზე:

  • „დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ვიმსჯელეთ განზრახვაზე - გაღრმავდეს თანამშრომლობა ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორებთან - საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან“.
  • „მე მივესალმები იდეას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების ერთად შეკრების შესახებ, რათა დავადასტუროთ ჩვენი საგანგებო ვალდებულებები ასოცირებული პარტნიორების მიმართ“.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების ერთად ბათუმში შეკრების იდეა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამავე პრესკონფერენციაზე გაახმოვანა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებასაც გაუსვა ხაზი:

  • „ეს არის ბევრად უფრო აქტიური თანამშრომლობა ეკონომიკაში, ინვესტიციებში თანამშრომლობა... იმ დიდ, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებმაც უნდა დააკავშიროს საქართველო, შავი ზღვა და ევროკავშირი... დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევუდგებით ამ კონკრეტულ ამოცანას ძალიან მალე, ძალიან სწრაფად და ჩვენ ავსახავთ ნამდვილ სამოქმედო გეგმას ამ მიმართულებით“.
  • „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებამ მიიღოს თავისი სრულყოფილი სახე საქართველოსთვის, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა საერთოდ ტარდება ჩვენი ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ევროკავშირთან, ეს კონფერენცია („საქართველოს ევროპული გზა“) გადაიქცეს ასოცირების სამიტად და ჩვენ დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ევროკავშირთან ერთად და ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ასოცირების ფორმატმა“.
  • „ასევე ვილაპარაკეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ორი ერთმანეთს ავსებს რეალურად და ორივე არის ის მჭიდრო კავშირები, რომლებიც გვაქვს ევროკავშირთან და რომელიც უნდა სრულყოფილად ავამოქმედოთ“.

შავ ზღვასთან დაკავშირებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ხსენებამ ბევრს მაშინვე ანაკლიის პორტი გაახსენა, რომლის მშენებლობაც საქართველოში ჩავარდა, მშენებელი კონსორციუმის მტკიცებით - სწორედ ხელისუფლების მხრიდან შექმნილი ხელოვნური პრობლემების გამო. ხელისუფლება პროექტის ჩავარდნაში კონსორციუმს ადანაშაულებდა.

ანაკლიის პროექტის წამოწყება სწორედ „ლელოს“ ამჟამინდელი ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სახელებს უკავშირდება. ისინი ახლა დეპუტატები არიან და პროექტის ლობირებისგან თავს შორს იჭერენ. თუმცა როგორც ბადრი ჯაფარიძემ, დასმული შეკითხვის საპასუხოდ გვითხრა - ბრიუსელში დახვდათ წარმოუდგენლად გაზრდილი ინტერესი ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ. ჯაფარიძე ამ ფაქტს ევროკავშირისა და იაპონიის გაღრმავებულ თანამშრომლობას უკავშირებს.

ასოცირების შეთანხმებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს გაფორმებული, არ არის ასახული საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ და, შესაბამისად, თეორიულადაც კი არ არის დაშვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასოცირების შეთანხმების ჭრილში ნახსენები თანამშრომლობის გაღრმავება შესაძლოა, პრეამბულაში სწორედ ამგვარი ჩანაწერის გაკეთებასაც გულისხმობდეს.

მისი განმარტებით, ევროკავშირს უკვე აქვს სათანადო მექანიზმები ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისთვის და, თუკი ეს მოხდება, „ევროპული პერსპექტივის“ მიღება გარდამტეხი მოვლენა იქნება საქართველოსთვის:

„თუკი ევროკავშირში „ევროპულ პერსპექტივას“ მოგვანიჭებენ, ეს უკვე იქნება თანხმობა, რომ ხელი შეუწყონ ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, მაგრამ ეს არ ჩაითვლება გაწევრიანების პროცესად. შემდეგ მოდის კანდიდატის სტატუსი. აი, სწორედ კანდიდატის სტატუსია კავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანასთან.

განაცხადის შეტანა და მასზე დადებითი პასუხი ქმნის კანდიდატის სტატუსის მიღების საფუძველს. მაგრამ გაწევრიანების პროცესის დასაწყისს არც კანდიდატის სტატუსი ნიშნავს. გაწევრიანების პროცესი დაწყებულად გამოცხადდება, როცა ევროკავშირი ხელს მოაწერს გადაწყვეტილებას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირმა „ევროპული პერსპექტივა“ 2001 წელს მიანიჭა და მათ შორის, ყველაზე ადრე, 2011 წელს, ამ გაერთიანებაში ხორვატია გაწევრიანდა. ახლა რიგში ჩერნოგორია (მონტენეგრო) დგას.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს შეიტანს. გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ევროკავშირის პასუხი დიდწილად საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და რეფორმების წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

ჯერჯერობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის იდეას ევროპის დედაქალაქებში საკმარისი მომხრე არ ჰყავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG