Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი შიმშილობას წყვეტს


საპატიმროში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, გამოაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ეს მოხდება ნაბიჯ-ნაბიჯ, 24 დღის განმავლობაში. სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ ცნობაში წაიკითხავთ, რომ ის ორჯერ გასინჯა სამოქალაქო ექიმთა ჯგუფმა და მას გააცნეს კვლევის და ანალიზების შედეგები. მედიკოსებმა სთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა, რადგან მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა.

ალექსეი ნავალნის მომხრეთა ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა 21 აპრილს რუსეთის ბევრ ქალაქში მისი განთავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით. ნავალნიმ 22 აპრილს გამოთქვა „სიამაყე და იმედი“ დემონსტრაციების გამო. მან ქუჩაში გასულ ათასობით თანამემამულეს „რუსეთის ხსნა“ უწოდა.

პოლიციამ დააპატიმრა 1700 დემონსტრანტი.

44 წლის ნავალნი, რომელიც იანვრის შემდეგ საპატიმროშია, შიმშილობდა 31 მარტის შემდეგ, დამოუკიდებელი ექიმების მიერ გასინჯვის მოთხოვნით. მას აწუხებს ზურგის ტკივილი და ვერ ფლობს კიდურებს. Mediazona-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა მისი ექიმების გაფრთხილება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე. ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, „მათ უბრალოდ აღარ ეყოლებოდათ პაციენტი, რომელსაც უნდა უმკურნალონ“.

ამ დროს ნავალნი კვლავ მოითხოვს, რომ მასთან შეუშვან ექიმი-სპეციალისტი კიდურების მგრძნობელობის დაკარგვის მიზეზის გამოსაკვლევად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG