Accessibility links

site logo site logo

„ახლაც ცოცხალი მგონია, რა ვქნა“...  აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს ახლობლები იხსენებენ


აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 ადამიანის ნეშტი ნათესავებს გადასცეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში გაიმართა. დღეს ახლობლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, ვისაც ომის შემდეგ ათეულობით წელი ელოდებოდნენ.

13 ქართველთან ერთად, ერთი აფხაზის ნეშტი 2017-2019 წლებში სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში იპოვეს. ამის შემდეგ სპეციალისტები უკვე ნეშტების ამოცნობაზე მუშაობდნენ.

ლია წახნაკია: „ზიგურდი მურუსიძე, ჩემი მეუღლე, სახლიდან გაიყვანეს და დახვრიტეს. მეც იქ ვიყავი, მაგრამ დახვრეტას არ შევსწრებივარ. მერე ოცი დღე კიდევ დავრჩი სოხუმში. გვამს ვეძებდი, რომ სადმე ხის ძირას მაინც დამემარხა. ვერ შევძელი, მეც მოსაკლავად მომდევდნენ. მერე თვითონ აფხაზები დამეხმარნენ და გამომიშვეს, ჩვენ დავასაფლავებთ, ვნახავთო, მაგრამ არ მიაქცია მაინც არავინ ყურადღება.

ერთხელ პანაშვიდი მინდოდა გადამეხადა და დამესიზმრა, გოგო, მე ცოცხალი ვარ და შენ პანაშვიდს მიხდიდიო? მამაოს რომ ვუთხარი, არაფრით არ ქნა, ცოცხლად გესიზმრა და პანაშვიდი როგორო. ალბათ, მე მინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო და იმიტომ დამესიზმრა ასე. ჩემი დედამთილიც ისე გარდაიცვალა, სულ ელოდა, სულ ძებნაში იყო.

43 წლის იყო მაშინ, ახლა 71 წლის იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ დაგვიბრუნეს ჩვენი მიცვალებულები, საფლავი გვექნება და სანთლებს დავანთებთ, ყვავილებით შევამკობთ“.

ნინო კუხალეიშვილი: „სამი მიცვალებული ჰყავს ჩვენს ოჯახს: დედა - ლუბა გრიგოლია, მამა - ვლადიმერ გრიგოლია და ბებია - ნადეჟდა კუხალეიშვილი.

47 წლის იყო დედაჩემი. ყველა გამოუშვა, მეუღლეც, შვილებიც და თვითონ დარჩა, ქალი ვარ და ხელს არ მახლებენო. ბებიაც არ წამოვიდა. მეზობელი აფხაზი ჰყავდა, მისი იმედი ჰქონდა.

ჯერ ბაბუა დაიღუპა. დედაჩემმა თავად დაკრძალა მეზობლის სახლში. მეორე დღეს დედაჩემი და ბებიაჩემი დახვრიტეს“.

მზია მიქაძე: „ჩემები ყველანი იბრძოდნენ. 27 სექტემბერს, სოხუმი რომ დაეცა, მაშინ დახვრიტეს მამაჩემი, ზემიკო მიქაძე. მე მაშინ 22 წლის ვიყავი, უკვე სამი ბავშვი მყავდა. ჩემი ძმა დაჭრილი იყო, კიდევ ჩემი და... ჩვენ გამოგვაცილა და თვითონ დარჩა. 4 წლიდან ობოლი იყო მამაჩემი, ყველაფერს თავისით მიაღწია და სახლს არ დავტოვებო, ამბობდა.

ბოლო „ელექტრიჩკას“ გამოვყევით და მერე ააფეთქეს კიდეც ხიდი“.

გოჩა კირთაძე: „მამაჩემი, ჯენერი, აფხაზეთის მე-6 ბატალიონის მე-2 ბრიგადაში იბრძოდა. მეგობართან ერთად დაიღუპა სოხუმში, სოფელ „მაჭარკაში“. რამდენიმე წლის მერე გავიგეთ, რომ ერთ-ერთი მეზობლის ეზოში ყოფილა დამარხული“.

გულიკო მამალაძე: „ჩემი მეუღლე, ლევან ფუხაშვილი, „თეთრი არწივის“ მებრძოლი იყო, 35 წლის. გაგრა რომ აიღეს, მაშინ დაიკარგა უგზო-უკვლოდ. საწყალი დედამისი ისე გარდაიცვალა, კიდევ იმედი ჰქონდა, იქნებ, ცოცხალი იყოსო. სადღაც ხუთი წლის წინ გავიგეთ, რომ დაიღუპა. ბიჭებმა გამოიტანეს ამბავი, ვიღაც კაზაკს მოუკლავს ხმლით. დაიჩოქეო, უთქვამს და ამას არ დაუჩოქია. ამოცნობისას ნახეს, ერთ მალაზე, მართლაც, ლითონის კვალი ეტყობა“.

ნუგზარ ჩოხელი: „თამაზი, ჩემი შვილი, 27 წლის იყო, ომში რომ წავიდა და მას მერე 27 წელი ველოდი. ახლა ჩამოასვენეს. ბედნიერი მამა ვარ, რომ ასეთი გმირი შვილი მყავს და ახლა საძმო სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკარგული იყო უგზო-უკვლოდ. დიდი მოლოდინი მქონდა, იქნებ ცოცხალია სადმე და დაბრუნდეს-მეთქი. ახლაც ცოცხალი მგონია, რა ვქნა“...

2 355 ადამიანი ისევ დაკარგულია

24 აპრილს აფხაზეთში დაღუპულებიდან ოთხს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ეგიდით მიმდინარეობს. 2010 წლიდან დღემდე მოძიებულია 583 ადამიანის ნეშტი. მათგან უკვე ამოცნობილია 206. მთლიანობაში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით დაკარგულად მიიჩნევა 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის გასაუმჯობესებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა კავკასიაში დესპანი დანიშნა. დანიელ მაქსვინი ამბობს, რომ ნეშტების მოძიება საზოგადოებას კონფლიქტით მიყენებული ჭრილობების მოშუშებაში ეხმარება.

„დროთა განმავლობაში ოჯახების ტკივილი უფრო მძაფრდება. ამ საკითხების გადაჭრამ, ნეშტების ამოცნობამ და ოჯახებისთვის დაბრუნებამ, შესაძლოა, შეამსუბუქოს ამ ოჯახების ტკივილი, რომლებიც წლებია იტანჯებიან საყვარელი ადამიანების გაუჩინარებითა და მათი ხვედრის გაურკვევლობით“.

მემორიალი დაკარგულებისთვის

უკვე რამდენიმე წელია, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები ითხოვენ, რომ თბილისში გაუჩინარებულ პირთა მემორიალი გაკეთდეს. ისინი ჰყვებიან, რომ საფლავების არარსებობის გამო არა აქვთ ადგილი, სადაც საკუთარი ახლობლების გახსენებასა და გლოვას შეძლებენ. ასეთი მემორიალი უკვე დაიდგა ზუგდიდში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. 30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს, იგეგმება, მემორიალი უკვე თბილისშიც გაიხსნას. პროექტის ავტორები მოქანდაკეები ნიკოლო მელივა და კორნელი რამიშვილი არიან.

მემორიალის ფრაგმენტი
მემორიალის ფრაგმენტი

ადამიანის სილუეტი, რომლის შიგნითაც სიცარიელეა; ყვავილი და სიცოცხლის ხე - ასეთი ფორმა ექნება მემორიალს. სიცარიელე გულისხმობს, რომ ადამიანი დაიკარგა, ყვავილი ტკივილს ნიშნავს, სიცოცხლის ხე კი მარადიულობისა და უკვდავების სიმბოლოდ არის აღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG