Accessibility links

site logo site logo

კახა კუჭავა - პარლამენტის თავმჯდომარე ორგზის ვიცე-სპიკერი გახდება


პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ კახა კუჭავას ასახელებს. ის ამჟამად ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს.

კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო მე-9 მოწვევის პარლამენტშიც 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე, მას შემდეგ, რაც სრულად პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო „ქართული ოცნება“ დატოვა დეპუტატების მორიგმა ნაკადმა.

„კახას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. მას აქვს ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები. წარმატებებს ვუსურვებ კახა კუჭავას ამ ახალ პოზიციაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

41 წლის კახა კუჭავამ მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტში, ორჯერვე საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით იყარა კენჭი.

ვიდრე 2016 წლიდან დეპუტატი გახდებოდა, პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კახა კუჭავა მუშაობდა არაერთ ორგანიზაციაში და მათ შორის:

  • USAID-ის პროექტის „ბიზნესის გარემოს რეფორმა“ კორპორაციული და სამეწარმეო სამართლის სპეციალისტი (2005 - 2007)
  • საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლის ექსპერტი (2007 - 2010)
  • საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ დირექტორთა საბჭოს წევრი (2011 - 2015)
  • სს „კავკასიის მინერალების“ გენერალური დირექტორი (2012 - 2016)
  • სამთო-გეოლოგიური კომპანიის „Georgian Copperand Gold“ გენერალური დირექტორი (2015 - 2016).

24 აპრილს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა პოსტიდან გადამდგარ არჩილ თალაკვაძეს „გაწეული საქმისთვის“ და აღნიშნა, რომ მან „ძალიან ღირსეულად გაართვა თავი ამ საქმეს“.

კუჭავა მადლობას იხდის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებისთვისაც.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კუჭავამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მედიის შეკითხვებს არ უპასუხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG