Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის მიუხედავად მსოფლიოში იზრდება შეიარაღების ხარჯები


2020 წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა ტრილიონ 980 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,6%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ამის შესახებ იტყობინება სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშირისო ინსტიტუტი (SIPRI). ლიდერთა ხუთეულში არიან აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი. მათ ანგარიშზეა მსოფლიო ხარჯების 62%.

SIPRI-ის თანახმად, სამხედრო ხარჯები უკვე ზედიზედ მეორე წელია იზრდება 2017-2018-ში შემცირების შემდეგ.

მაგრამ პანდემიის გამო რუსეთში ფაქტობრივი სამხედრო ხარჯები 2020 წელს 6,6%-ით ნაკლები იყო თავდაპირველად დაგეგმილზე. ასეთსავე ვითარებაში აღმოჩნდა ბრაზილია. ზოგმა ქვეყანამ შეიარაღებისთვის განკუთვნილი სახსრები პანდემიისთვის გადაანაწილა. კერძოდ, ასე მოიქცნენ სამხრეთი კორეა და ჩილი.

აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა, რომლებიც ზედიზედ მესამე წელია იზრდება, 778 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიო სამხედრო ხარჯების 39%-ს შეადგენს. აშშ-ს მოსდევს ჩინეთი, რომლის ხარჯები ზედიზედ 26 წლის განმავლობაში იზრდება და 252 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა ინდოეთი (73 მილიარდი დოლარი), მეოთხე ადგილზეა რუსეთი (62 მილიარდი დოლარი - 2,5%-ით მეტი, ვიდრე 2019-ში), მეხუთე ადგილზე მყოფი დიდი ბრიტანეთი კი 59 მილიარდ დოლარს ხარჯავს შეიარაღებაზე.

SIPRI-ის მონაცემებით, 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების გამო დაფიქსირდა მსოფლიო საერთო შიდა პროდუქტში სამხედრო დანახარჯების წილის ყველაზე დიდი ზრდა 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG