Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე პარლამენტში დღეს არმისვლის მიზეზს განმარტავს


დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომელმაც „მიშელის დოკუმენტს“ ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, (შეთანხმების შინაარსი მიუღებელია პარტია "ევროპული საქართველოსთვის", თუმცა, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს პარტიის საარჩევნო სიით არჩეულმა დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა) რადიო თავისუფლებთან განმარტავს დღეს პარლამენტში არყოფნის მიზეზს. მისი თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში სრულყოფილად ჩართვა შესაძლებელი იქნება „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლების და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ. ოპოზიცია რურუასა და მელიას პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები მის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, როგორც კრიზისის განმუხტვის და საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნების მექანიზმს, მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია - საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ“,- აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

ის მხარდაჭერას უცხადებს იმ ოპოზიციუნერ დეპუტატებს, რომლებიც დღეს საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთნენ და გამოთქვამს მზაობას მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის საქმეში ჩაერთოს.

„აქვე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო იმ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ვინც დღეს მონაწილეობა მიიღო პარლამენტის პლენარულ სხდომაში და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მათ მსგავსად, ვრჩები ერთგული პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების, მზად ვარ სრულად ჩავერთო მის იმპლემენტაციაში და იმედი მაქვს, რომ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლება შექმნის პირობებს მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის ხელმოწერისთვისაც, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნების, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად დამარცხების და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მივიდნენ და ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ოპოზიციიდან არჩეული დეპუტატები, რომლებმაც 19 აპრილს და მომდევნო დღეებში ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას. მათ შორის არიან „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები. ასევე „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკის და პარტია „ევროპული საქართველოს“ სიებით არჩეული ცალკეული დეპუტატები. მანამდე ისინი პროტესტის ნიშნად უარს ამბობდა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარების ცნობაზე.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთაც ბოიკოტი შეწყვიტეს და საპარლამენტო საქმიანობას იწყებენ, აცხადებენ, რომ დღეს პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

სხდომის დაწყებამდე მათ გამართეს ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც აღნიშნეს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციის ხელშეწყობა მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

XS
SM
MD
LG