Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) მეამბოხე ჯგუფი აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ხელში ჩაიგდო სამხედრო ბანაკი


სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლა ბირმაში (მიანმარი). 2021 წ. 15 თებერვლის ფოტო.
სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლა ბირმაში (მიანმარი). 2021 წ. 15 თებერვლის ფოტო.

ბირმაში (მიანმარი) მეამბოხე ეთნიკური ჯგუფი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაწყებული არეულობების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მწვავე შეტაკებების შემდეგ ხელში ჩაიგდო ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბანაკი.

შეტაკებები მოხდა 27 აპრილს დილით კარენის შტატში, მდინარე სალვინის მახლობლად, რომელიც ბირმას ტაილანდისგან ყოფს. ტაილანდის მხარეს იტყობინებიან, რომ დღეს ბირმიდან სროლისა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

„ჩვენმა ჯარებმა ხელში ჩაიგდეს ბირმის სამხედრო ბანაკი,“ განაცხადა კარენის ეროვნული კავშირის (KNU) საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა პადოჰ საფ ტავ ნიმ. მან დასძინა, რომ ბანაკი გადაწვეს. ბირმის არმიას ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ბირმაში 1 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში და ჩამოაგდეს სამოქალაქო ლიდერის, აუნ სან სუ ჩის მთავრობა. მას შემდეგ ქვეყანაში მიმდინარეობს ამბოხება, რომლის მსვლელობისას უშიშროების ძალები იარაღს იყენებენ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ. აქტივისტების თანახმად, დემონსტრაციების დაშლისას მოკლულია 750-ზე მეტი სამოქალაქო პირი. ხუნტა ბევრად ნაკლების შესახებ იტყობინება და ძალადობას „მეამბოხეებს“ აბრალებს.

დემოკრატიულ მოძრაობას მხარს უჭერს ბირმის ზოგიერთი მეამბოხე ჯგუფი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იბრძვის მეტი დამოუკიდებლობისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი ჯგუფი, KNU, რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძვის ბირმის არმიას ტაილანდის საზღვრის მახლობლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG