Accessibility links

site logo site logo

რატომ გახდა საგარეჯოში ახლად რეაბილიტირებული წყლის სისტემა თავიდან გასაკეთებელი


საგარეჯოში წყალმომარაგების სისტემა გამოცვალეს. ამისთვის 6 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა მოსახლეობამ წყალი ვერ მიიღო. ირკვევა, რომ კომპანიამ უხარისხო მილები დაამონტაჟა, რის გამოც ახლა თავიდან ასრულებს ყველა იმ სამუშაოს, რომელიც ერთხელ უკვე გააკეთა. ვინ იხდის ხელმეორედ შესასრულებელი სამუშაოების საფასურს და როდის მიიღებს 2 800 აბონენტი სასმელ წყალს?

„აი, ასე ვცხოვრობთ. ერთ ტონა წყლის აღება თუ მოვახერხეთ... ამ წყლით თუ დაიბან, სარეცხი დასარეცხი გრჩება; დარეცხავ, თავად რჩები დასაბანი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ია ჭიაბერაშვილი. პრობლემა კი, რომელზეც ის ლაპარაკობს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ათწლეულებია აწუხებს. იას თქმით, მის ონკანზე სასმელი წყალი თვეში ორჯერ მოდის და ისიც რამდენიმე საათით. წყლის თითო მოსვლაზე მხოლოდ ერთტონიანი ავზის შევსებას ასწრებს, რომელიც ორი-სამი დღის საკმარისია, შემდეგ კი წყალი უნდა იყიდოს. ერთი ტონა 10 ლარი ღირს.

„როცა წვიმაა, ორ კვირაში ერთხელ მოსული წყალიც გამოუსადეგარია, რადგან ტალახიანი მოდის. ჩვენი მომკითხავი არავინ არის. ასე ვცხოვრობთ დიდ უბედურებაში. ვყიდულობთ წყალს, მაგრამ ნაყიდი წყალი ვის ეყოფა? თან, ერთ ტონას არავინ მოგიტანს, მინიმუმ 3 ტონა უნდა იყიდო“.

საგარეჯო
საგარეჯო

ცისმარი კევლიშვილიც საგარეჯოში ცხოვრობს. ამბობს, რომ ორი წლის წინ ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მთლიანად გამოიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათავე ნაგებობას, თუმცა მათთვის არაფერი შეცვლილა, წყალი ისევ არ აქვთ. ახლახან შენიშნეს, რომ ორი წლის წინ მიწაში ჩალაგებულ მილებს ისევ იღებენ და ახლით ცვლიან. რა მოხდა, მათ არავინ ეუბნება.

„აქ რომ მუშები მუშაობენ, მათ ვეკითხებით, რა მოხდა და როდის გვექნება წყალი, მაგრამ ისინი იცინიან... გამოდის, რომ წყალი კიდევ დიდი ხანი არ გვექნება! არავინ პასუხს არ იძლევა. ალბათ, ისე დავიხოცებით, წყალი არ გვექნება. ახლა 30 ლარის წყალი მქონდა მოტანილი და გამითავდა, გამითავდა ფულიც და ვეღარ ვყიდულობ. მერიდება და ვეღარ ვურეკავ იმ პიროვნებას, ვისაც წყალი მოაქვს ხოლმე, რადგან მე თვითონვე მრცხვენია წყლის ნისიად ყიდვა. ისე კარგი ბიჭია, ნისიაზე უარს არ გვეუბნება ხოლმე, მაგრამ მერე ერთიანად უნდა გადაიხადო ორი გზის ფული, 60 ლარი, და ესეც ძნელია“, - ამბობს ცისმარი კევლიშვილი.

საგარეჯოს წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. ამ უწყებაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ საგარეჯოში სამუშაოები თავიდან არის შესასრულებელი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოგვწერეს:

„პროექტის ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოების შედეგად, მოეწყო 110 კმ-იანი გამანაწილებელი ქსელი და 2 800 აბონენტისთვის ინდივიდუალური კვანძები. სამუშაოების დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოს ტესტირებისას გამოიკვეთა ხარვეზები და დეფექტები. ფონდის დავალებით, მშენებელი კომპანია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯით. ამჟამად საგარეჯოში მიმდინარეობს წყალმომარაგების მეორე ფაზის სამუშაოები, რაც არსებული რეზერვუარების რეკონსტრუქციას და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს“.

საგარეჯო
საგარეჯო

პროექტი, რომელიც საგარეჯოში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა, დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაჯდა და კომპანიამ „თბილი სახლი“ შეასრულა. კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წყალგაყვანილობისა და გათბობა-კონდიცირების სისტემები მათ მიერ არის დამონტაჟებული ათეულობით სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურაში, მათ შორის ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეროვნული ბანკის ოფისში, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და ასე შემდეგ. როგორც რადიო თავისუფლებას „თბილი სახლის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეონა გულბედავამ განუცხადა, არც ერთი პროექტის შესრულების დროს მათ ხარვეზი არ ჰქონიათ, საგარეჯოს შემთხვევაში კი პრობლემა განაპირობა მილების ხარისხმა და არა შესრულებულმა სამუშაოებმა.

„ჩავდეთ მილები. სამუშაოები რომ დასრულდა, დავიწყეთ მისი ტესტირება და ამ დროს აღმოჩნდა, რომ მილები იყო შესაცვლელი. ხარვეზის აღმოფხვრა უკვე მიმდინარეობს, ანუ ამ მილებს ახლით ვცვლით. სამუშაოებზე კომპანია საკუთარი ფინანსებს ხარჯავს. მეც და კომპანიის თითოეული თანამშრომელი ძალიან ნერვიულობს ამ პროექტზე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თითოეული ადგილობრივის და შევდივართ მათ მდგომარეობაში, მაგრამ მოხდა ასეთი რაღაც. სამუშაო პროცესია და ამისგან დაზღვეული არავინ არის“.

ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში 2 800 აბონენტია. შესაბამისად, წყლის პრობლემა ყოველ მათგანს აწუხებს. კომპანია „თბილი სახლის“ წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება და პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ვიდრე მათი ონკანებიდან წყალი არ გადმოვა, დაპირებების უკვე აღარ სჯერათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG