Accessibility links

site logo site logo

არმაზ ახვლედიანი მადლობას უხდის პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეთანხმების შესრულებისთვის


„ევროპული საქართველოს“ სიით არჩეული დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ შეასრულა პოლიტიკური შეთანხმების მისი ნაწილი.

„მე არ მინდა გამოგვრჩეს ვინმეს, რომ მადლობა ვუთხრათ, ვინც შეთანხმებას ასრულებს, მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილს“, - ამბობს ახვლედიანი და განაგრძობს: „გპირდებით, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და მისი თითოეული ნაწილი სრულდება პატიოსნად. ახლა სწორედ ამ მიზნით დავბრუნდებით დარბაზში და განვაგრძობთ საუბარს „ოცნების“ ხელმძღვანელებთან“.

საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულა დანაპირები და ხელი მოაწერა გიორგი რურუას შეწყალების აქტს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის შექმნილი დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციონერები პარლამენტში შევიდნენ.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG