„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას ჩადენილი სამართალდარღვევების ამნისტირების პროცესი სათავისოდ გამოიყენოს და ამნისტიის კანონპროექტის რეალური ფასი გაამარგინალოს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად მოძალადეებიც გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, რაც მისი შეფასებით, თუ ასე მოხდა, მძიმე კომპრომისი იქნება ოპოზიციისთვის.
რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ რადგან „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აქვს, არსებობს მოლოდინი რომ სწორედ მისი საკანონმდებლო პაკეტი გავა, თუმცა პასუხისმგებლობაც მას დაეკისრება:
„გუშინ საღამოდან ვიცით, რომ ორი საკანონმდებლო ვერსია იარსებებს. რა თქმა უნდა მოლოდინი არსებობს იმისა, რომ "ქართული ოცნების" საკანონმდებლო პაკეტი გავა, რადგან მათ აქვთ უმრავლესობა ამ პროექტში და საპარლამენტო პროცესში. თუმცა ეს ცალსახად, მეორეს მხრივ, ნიშნავს იმას, რომ სრული პასუხისმგებლობა მოძალადეების და დამნაშავეების შეწყალებაზე ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ეს ერთგვარად კარგი გამიჯვნა მოხდა, რაც ხელისუფლებამ უზრუნველყო, ჩემი აზრით, ძალიან საზიანოდ საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ „დილის საუბრებში“.
19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ პარლამენტს განსახილველად 2 კანონპროექტი წარედგინება.
„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გუშინ, 27 აპრილს დაარეგისტრირა. კანონპროექტის საკუთარ ვერსიას დღეს, 28 აპრილს დაარეგისტრირებს ოპოზიციაც.
ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნას ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთის მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და მეორეს მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“მიიჩნევს, რომ ამნისტირება არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და ყველა სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს:
„ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც არის განსაზღვრული კონკრეტული ხელშეკრულებით, იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებით, ოღონდ ეს არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევებს, რომელიც არის მაგალითად ქალბატონი მაკო გომურის შემთხვევა. ეს იქნება გამონაკლისის სახით ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში“,- განმარტა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტის შექმნას ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს.
ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს.
ამნისტიის საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.