Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ჰესსტორია საბჭოთა ფესვებით


რატომ ნამახვანჰესი, როცა სოფელს ჰქვია ნამოხვანი? როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს ისეთივე ლაფსუსთან, როგორსაც ადგილი ექნებოდა, რუსულიდან ქართულში შეუცვლელად რომ გადმოგვეტანა ენგურჰესის სახელი. რუსულად ენგურჰესი ხომ Ингуригэс -ი ანუ ინგურიგესია? ზუსტად ასე მოხდა ნამოხვანჰესის შემთხვევაში: გასული საუკუნის 70-იან წლებში საკავშირო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტში“ შედგენილ დოკუმენტაციაში ყველგან Намахвангэс (ნამახვანჰესი) წერია. რაზე შეიძლება მეტყველებდეს სადგურის საბჭოთა რუსული სახელწოდების ასე copy-paste-ით გადმოტანა? მსგავსი მიდგომით ხომ არ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა, როცა საბჭოთა გიგანტურ ჰიდროპროექტებს აცოცხლებს?

  • თეთრი ქვანახშირის ქვეყანა?

საბჭოთა ენერგეტიკოსები, საქართველოს, ჰიდრორესურსების სიუხვის გამო, „თეთრი ქვანახშირის“ ქვეყანას უწოდებდნენ. წყლის ენერგიის მარაგით, საქართველო მართლაც უსწრებს ევროპისა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანას. საბჭოთა კავშირშიც, რომელიც ხმელეთის მეექვსედზე იყო გადაჭიმული, ამ მაჩვენებლით მხოლოდ რუსეთს, ტაჯიკეთსა და ყაზახეთს ჩამოუვარდებოდა. რაც შეეხება ჰიდროენერგიის ხვედრით წილს, საქართველო მსოფლიოში ახლაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

ენგურჰესი
ენგურჰესი

საქართველოში სულ 25 ათასამდე მდინარეა, რომელთაგან 17,5 ათასამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. დასავლეთ საქართველოშივეა თავმოყრილი ჰიდროენერგეტიკული რესურსების 70%. საქართველოს უმსხვილესი მდინარეებია მტკვარი, რიონი და ენგური - ამ და სხვა მდინარეებზე მუშაობს 60-მდე ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3300 მგვტ-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ენერგოსისტემის მთლიანი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,3 ათასი მგვტ-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამური სიმძლავრის 78% ჰესებზე მოდის.

საქართველოს განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში კი ვკითხულობთ, რომ 2030 წლისთვის ვარაუდობენ საქართველოს გენერაციის ჯამური სიმძლავრის გაორმაგებას (9,7 ათასი მგვტ-მდე). ამავე გეგმის მიხედვით, 6,5 ათას მგვტ-მდე გაიზარდება ჰიდროსადგურების სიმძლავრეც.

რის ხარჯზე შეიძლება გაორმაგდეს (3,3 ათასი მგვტ-დან - 6,5 ათას მგვტ-მდე) საქართველოს ჰიდროსადგურების სიმძლავრე?

ამ კითხვის პასუხად გამოდგება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ათწლიანი (2018-2028 წწ) განვითარების გეგმა, რომელიც შედგენილია იმის დაშვებით, რომ გეგმის მოქმედების პერიოდში აშენდება ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას და ცხენისწყალის ჰესები.

ენგურის ხეობა, სადაც ხუდონჰესის აშენება იგეგმება
ენგურის ხეობა, სადაც ხუდონჰესის აშენება იგეგმება

უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ჰესის პროექტი დამუშავებულია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. მეტიც, ხუდონჰესი და ნამახვანჰესი რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა კიდეც, თუმცა მშენებლობა შეჩერდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მძლავრი მწვანე საპროტესტო აქციების გამო.

  • ჰესტორია - ჰესების ისტორია საქართველოში

საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს აშენდა ბორჯომში. მისი სიმძლავრე, სულ რაღაც, 103 კვტ იყო. 1913 წლისათვის საქართველოში უკვე 7 ჰესი მუშაობდა. არც მათი ჯამური სიმძლავრე (1 260 კვტ) იყო შთამბეჭდავი, თუმცა გაიზარდა ჰესების გეოგრაფია: სოხუმი, ბათუმი, გაგრა, ახალი ათონი, ახალქალაქი, ბოლნისი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოზეც გავრცელდა ე.წ. გოელროს ( ГОЭЛРО) - ელექტროფიკაციის საკავშირო გეგმა, რომლის ფარგლებშიც 1922 წელს დაიწყო ზაჰესის მშენებლობა, 1927 წელს კი რიონჰესისა. წლების განმავლობაში ზაჰესი და რიონჰესი უზრუნველყოფდა თბილისისა და ქუთაისის ელექტროენერგიით მომარაგებას.

ზაჰესის მშენებლობა
ზაჰესის მშენებლობა

საბჭოთა პერიოდში მტკვარზე და მის შენეკადებზე აშენდა ჰიდროელექტროსადგურები: ორთაჭალჰესი, ხრამი -1, ხრამი-2; აშენდა იორის სარწყავ-ენერგეტიკული სადგური; სიონის ჰესი [85 მეტრი სიმაღლის მიწის კაშხალით, 300 მლნ კუბ. მეტრი წყალსაცავით]; სამი ვარდნილი: საცხენისისჰესი, მარტყოფიჰესი, თეთრიხევიჰესი; არაგვზე აშენდა ჟინვალჰესი 102 მ სიმაღლის კაშხალით და 503 მლნ. კუბ. მეტრი წყალსაცავით.

რიონჰესის მშენებლობა, 1929 წ.
რიონჰესის მშენებლობა, 1929 წ.

რიონზე, რომლის სიგრძე 327 კმ-ია, აშენდა ჰესების კასკადი: ლაჯანურჰესი, გუმათი- 1, გუმათი - 2, რიონჰესი, ვარციხე - I, II, III, IV; რიონის შენაერთებზე - შაორი და ტყიბული ჰესები; ლაჯანურჰესი.

ენგურზე, რომლის სიგრძე 221 კმ-ია, აშენდა ქვეყნის ყველაზე მძლავრი (1300 მგვტ) ელექტროსადგური ენგურჰესის სახით: წყალსაცავი 1110 მლნ. კუბ. მ, თაღოვანი კაშხალი - 271 მ [სსრკ-ში ამაზე უფრო მაღალი კაშხალი ჰქონდა მხოლოდ 2 სადგურს, ხოლო ბეტონის კაშხლიან სადგურებს შორის პირველ ადგილს იკავებდა ], სადერივაციო გვირაბი - 9,5 მ დიამეტრით, 15 კმ - სიგრძე, კაშხლის სისქე 52-10 მ]; ვარდნილები I, II, III, IV...

საბჭოთა ჰიდროელექტროსადგურების ოცეული კაშხლების სიმაღლის მიხედვით. ენგუჰესი - III, ხუდონჰესი - VII
საბჭოთა ჰიდროელექტროსადგურების ოცეული კაშხლების სიმაღლის მიხედვით. ენგუჰესი - III, ხუდონჰესი - VII

თუმცა ვერ დასრულდა სსრკ-ს დროს დაწყებული ხუდონჰესის (კაშხლის სიმაღლე - 197 მ) მშენებლობა; ვერ განხორციელდა სხვა მასშტაბური პროექტები, რომელთა დაწყება იგეგმებოდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ანუ საბჭოთა ჰიდროენერგეტიკის განვითარების VI ეტაპზე.

სულ საბჭოთა ჰიდროენერგეტიკა (მათ შორის ქართული საბჭოთაც) დაყოფილია განვითარების 6 პირობით ეტაპად: I - 1918—1928 წწ; II - 1929—1940 წწ; III - 1941—1945 წწ; IV - 1946—1958 წწ; V - 1959—1975 წწ; VI - 1976—1991წწ.

V და, განსაკუთრებით, VI ეტაპი გამორჩეულია გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით, თუმცა VI ეტაპი კიდევ იმითაც არის გამორჩეული, რომ ამ გრანდიოზული პროექტების ნაწილის მშენებლობა ვერ დასრულდა, ნაწილი კი სულაც ქაღალდზე დარჩა მწვანე მოძრაობის გააქტიურებისა თუ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. ასეთი პროექტებია: ნამოხვანი, ჟონეთი, ტვიში, ხუდონი, ნენსკრა, ახალციხე და სხვები, თუმცა, როგორც ჩანს, საბჭოთა ჰიდროენერგეტიკის VI ეტაპი არც გასულ საუკუნეში დასრულებულა არც არც ისტორიის კუთვნილება არ გამხდარა.

კახა კალაძე, საქ. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. 2015
კახა კალაძე, საქ. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. 2015

სწორედ ამ VI ეტაპით გათვალისწინებული პროექტების გაგრძელებას, დაწყებას და დასრულებას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რიონისა და ენგურის ხეობებში აგერ უკვე თითქმის 20 წელია. 2013 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, კახა კალაძემ ხელი მოაწერა N125 ბრძანებას „საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც საქართველოში, უკვე შერჩეულ ადგილზე და განსაზღვრული პროექტით უნდა აშენდეს 1,1 მგვტ-დან 670 მგვტ-მდე სიმძლავრის 74 ჰესი, ეს კი, ჰესების რაოდენობის, სულ ცოტა, გაორმაგებას ნიშნავს. ზემოთ ჩამოთვლილი გიგანტების გარდა, ასევე უნდა აშენდეს 70 მგვტ-იანი ალბანაჰესი, 206 მგვტ-იანი ონის კასკადი, 118 მგვტ-იანი ლენტეხიჰესი, 153 მგვტ-იანი სადმელი ჰესი, 230 მგვტ-იანი ფარიჰესი, 250 მგვტ-იანი ტობარი ჰესი...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG