Accessibility links

site logo site logo

ნიკას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება - სამადაშვილი მელიას შეხვდა


საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი სალომე სამადაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას საპატიმროში შეხვდა. რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ ნიკა მელიას მთავარი გზავნილი ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება, უთანხმოების დაძლევა და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების დაწყებაა.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ნიკა არის ძალიან მხნედ. არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა გუშინ. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. და ჩვენ მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე, გიორგის გარდა, ასევე ვნახავთ ნიკასაც, რომელიც თავისუფალი იქნება“, - უთხრა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა ნიკა მელიას პოლიტიკური წყენა სალომე სამადაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მან ინდივიდუალურად მოაწერა ხელი „შარლ მიშელის დოკუმენტს“, მან განაცხადა, რომ ნიკა მელიამ კარგად იცის, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძველი იყო ქვეყნის ინტერესები. "შეიძლება, ჩემი შეფასება ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად საუკეთესო გზაზე ყოველთვის არ ემთხვეოდეს მისას“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ პარლამენტს განსახილველად 2 კანონპროექტი წარედგინება.

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტის შექმნას ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს.

„20 ივნისის საქმეზე" ბრალდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის აქტის გავრცელება პოლიციელებზე. თუკი პარლამენტი ამ შინაარსის ამნისტიას მიიღებს, მელიას ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს, რომ არ შევა პარლამენტში. მანამდე მან "შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელმომწერ ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მიმართა, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი, რის სანაცვლოდაც მზადაა დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ციხის ამ პირობით დატოვებას.

ამნისტიის საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG