Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო


თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში, ვაშლიჯვრის ფერდზე დაძრულ მეწყერზე ჩატარებულმა საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. მერმა თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მეწყრული პროცესების სტაბილიზაცია დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც.

"კერძოდ, მოიხსნა, სამუშაოების შედეგად, მიწის მასის ის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და იძლევა ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება", - განაცხადა კალაძემ.

მან ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როცა შეიძლება აღდგეს მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე, რომელიც ვაშლიჯვრის ფერდის იმ ნაწილში მდებარეობს, რომლის ზემოთაც მეწყრული პროცესებია გააქტიურებული.

"მას შემდეგ, რაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები და მიიღწევა სრული სტაბილურობა, მაშინვე აღდგება ორმხრივად მოძრაობა", - თქვა მან.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ვაშლიჯვრის ფერდობზე" მეწყრული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ 17 მარტს თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ამ მიზეზით მაჭავარიანის ქუჩა უნდა გადაკეტილიყო.

18 მარტს დილიდან მიმდებარე ტერიტორიიდან გაავრცელა ვიდეომასალა ლაშა სუხიაშვილმა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელია. მის გავრცელებულ ვიდეომასალაში მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალის სიგანესა და სიღრმეზე წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი. იმ ადგილზე, სადაც ვიდეო იყო გადაღებული, მიწის ორ ნაწილს შორის დაშორება 1 მეტრამდე იყო, სიღრმე კი - მინიმუმ ორ მეტრამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG