Accessibility links

site logo site logo

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს ამნისტია გაყიდოს, როგორც დიდი ეროვნული თანხმობა


პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილი სამართალდარღვევების ამნისტია „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმომწერი ოპოზიციისთვის კონკრეტული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმია, „ქართული ოცნება“ კი მის დიდ ეროვნულ თანხმობად „გაყიდვას“ ცდილობს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ როცა პროცესში არ მონაწილეობს საკმაოდ დიდი პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ამნისტიის ეროვნულ თანხმობად გასაღება მმართველ პარტიას არ გამოუვა:

„არგუმენტაცია ჰქონდათ თან თავიდან რომ ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ამნისტია და საერთოდ არ გვაინტერესებსო, მაგრამ როცა ვუთხარით, რომ მაგალითად პატიმარი მელია ამბობს, რომ ამნისტია მასაც არ სჭირდება და შეუძლია მარტო გირაოთი გამოვიდეს, თქვეს, არა ჩვენს ინტერესშია, რომ ამნისტია უნდა მივიღოთ. ანუ უცებ შეიცვალა განწყობა... ეს მიუთითებს, რომ რაღაც ინტერესი აქვს „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესის მიმართ, მით უმეტეს, რომ მის შემოთავაზებულ ვერსიაში პოლიტიკური ბრძანების გამცემ, პოლიტიკური თანამდებობის პირებზეც ვრცელდება ამნისტია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან ისაუბრა იმ განსხვავებაზეც, რომელიც ამნისტიის შესახებ პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს შორისაა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ამნისტია იყოს ფართე, გამონაკლისები ჩაიწეროს მხოლოდ ვისზე არ გავრცელდება, კონვენციურ მუხლებზე, სხეულის მძიმედ დაზიანებაზე და ასე შემდეგ, ჩვენ ვეუბნებით, რომ აქამდე ორი წლის მანძილზე რაც საქმეები გაქვთ აღძრული ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, მოქალაქეებს ვგულისხმობ და პოლიციელებს, მარტო ამ ხალხზე გავავრცელოთ, რომ პროცესი იყოს განჭვრეტადი და ჩვენ ვიცოდეთ რაზე მივდივართ და რაზე ვაწერთ ხელს. ეს არის განსხვავება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

27-28 აპრილს საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელი 2019 წლის 19-21 ივნისში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს.

ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნეს ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ამნისტირება არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და ყველა სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს.

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტის შექმნას ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს.

ამნისტიის საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG