Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილია აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის რუსული ვაქცინა ცოცხალ ვირუსებს შეიცავს


ბრაზილიის ჯანდაცვის უწყების, Anvisa-ს თანახმად, რუსეთიდან ამ ქვეყანაში იმპორტირებული ვაქცინა, Sputnik V, შეიცავს გაცივების ვირუსის ცოცხალ ვერსიას. ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა გადაწყვეტილების წარდგენისას, თუ რატომ კრძალავს ბრაზილია ამ ვაქცინის იმპორტს.

სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნის მთავარმა ვირუსოლოგმა, ანგელა რასმუსენმა, უთხრა AFP-ს, რომ მათი დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს წარმოების პროცესის ერთიანობას და ვაქცინა შეიძლება ხიფათს შეიცავდეს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის, თუ დადგინდა, რომ პრობლემას ფართო ხასიათი აქვს.

რუსეთის გამალეის ინსტიტუტმა, რომელმაც შეიმუშავა ვაქცინა, უარყო ინფორმაცია.

რუსეთის ვაქცინა იყენებს იმ ადენოვირუსის ვექტორს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაავადების მსუბუქი ფორმა, მაგრამ ვაქცინაში ის იმგვარადაა გენეტიკურად შეცვლილი, რომ მას გამრავლება არ შეუძლია და იმგვარად არის დამუშავებული, რომ ადამიანის უჯრედს მიუთითოს, როგორ განავითაროს კორონავირუსის სპაიკის პროტეინი. ამგვარად, ვაქცინის მოქმედების პრინციპის თანახმად, ის ადამიანის სისტემას ავარჯიშებს, მზად იყოს ნამდვილი კორონავირუსის დასახვედრად.

ბრაზილიის სამეთვალყურეო უწყების მკვლევრების თანახმად, მათ მიერ ჩატარებული გამოცდით დადგინდა, რომ ადენოვირუსს ამ ვაქცინაში გააჩნია გამრავლების პოტენციალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეეძლება გამრავლება დაიწყოს. ისინი დასძენენ, რომ სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს წარმოების დროს შექმნილი პრობლემა, ე.წ. „რეკომბინირება“, როცა შეცვლილი ადენოვირუსი იბრუნებს იმ გენებს, რომლებიც გამრავლებისთვისაა საჭირო, როცა ადამიანის ლაბორატორიაში მანიპულირებულ უჯრები გამოჰყავდათ.

გამალეის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, დენის ლოგინოვმა, განაცხადა, რომ მოსაზრებებს, რომლებიც მან პრესაში წაიკითხა, არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.

ბრაზილიაში, სადაც 211 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსით სულ დაავადდა 14,5 მილიონ მოქალაქე. დაღუპულთა რიცხვი 400 ათასს მიაღწია. ამ ქვეყანაში დადგინდა კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვერსია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG