Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ პასუხს გასცემს რუსეთში რადიო თავისუფლების დახურვის მცდელობას


რადიო თავისუფლების მთავარი ოფისი პრაღაში
რადიო თავისუფლების მთავარი ოფისი პრაღაში

თუ რუსეთის მთავრობა გააგრძელებს რადიო თავისუფლების იძულებით დახურვისკენ მიმართულ ქმედებებს, აშშ მას პასუხს გასცემს. ამის შესახებ 29 აპრილს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

პრაისის ინფორმაციით, ეს საკითხი სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დასვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას და მან და სხვა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის მთავრობას მოუწოდეს, გადახედოს რადიო თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

ნედ პრაისის განცხადებით, 70 წელზე მეტია რადიო თავისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ობიექტური ახალი ამბების წყაროა. პრაისის თანახმად, რუსეთში მედიის თავისუფლებას სულ უფრო მეტი საფრთხე ექმნება და აშშ-მა რუსეთს ნათლად უთხრა, რომ რადიო თავისუფლების და ე.წ. უცხოეთის აგენტებად გამოცხადებული სხვა მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები რეპრესიულია.

რუსეთში მოქმედი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონით, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ვალდებულია საკუთარი საქმიანობის ფინანსური ანგარიშები წარადგინოს და პუბლიკაციებს კონკრეტული მარკირება გაუკეთოს. ბოლო თვეებში, რუსეთის მარეგულირებელმა სამსახურმა „როსკომნადზორმა“ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს და რეგიონულ პროექტებს ბრალად დასდო კანონის 400-მდე დარღვევა და მილიონ რუბლზე მეტი თანხით დააჯარიმა. რადიო თავისუფლების მიერ „როსკომნადზორის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG