Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 1 670 374 ლარის ღირებულების აბონემენტები უფასოდ გასცა


2018-2020 წლებში მთის განვითარების კომპანიამ სათხილამურო სეზონებზე 1 670 374 ლარის ღირებულების 3 813 აბონებემენტი უფასოდ გასცა - აბონემენტების მნიშვნელოვანი ნაწილი [2,708] მუნიციპალიტეტებმა მიიღეს, რიგ შემთხვევებში უფასოდ გადაცემულ სახელობით აბონემენტებზე არ ფიქსირდება მფლობელის ვინაობა, რაც ართულებს მათი გამოყენების კონტროლს და წარმოშობს აბონემენტების არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოყენების რისკს - ასეთი სურათი აჩვენა მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ჩატარებულმა სახელმიფო აუდიტმა, რომლის დასკვნის მიხედვითაც კომპანია სტრატეგიის, ბიზნესგეგმის, ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავების გარეშე მუშაობს.

ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციაზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების შესახებ

აბონემენტების მიმღებიგაცემის მიზნობრიობარაოდენობა
მუნიციპალიტეტებიმოთხილამურე მოსახლეობისთვის 2,708
თავდაცვის სამინისტროსამთო მომზადების კურსები.330
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამთო მომზადების კურსები.163
საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი.120
განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრო მოქმედი და ვეტერანი მოთხილამურე სპორტსმენებისათვის, სამინისტროს თანამშრომლებისათვის.137
სათხილამურო ფედერაციასაერთაშორისო შეჯიბრებების ჩასატარებლად, მოქმედი და ვეტერანი მოთხილამურე სპორტსმენებისთვის.318
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სამთო გამყოლი“.25
ეკონომიკის სამინისტროკომისიის გადაწყვეტილებაში მიზნობრიობა მითითებული არ არის.12

აუდიტის ანგარიშის მიხედვით საბაგიროების აბონემენტების უფასოდ გაცემის პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა:

  • აბონემენტების მუნიციპალიტეტებზე უფასოდ გადაცემისას, ხუთ შემთხვევაში 1,244 აბონემენტზე კომპანიასა და მერიას შორის არ გაფორმებულა ჩუქების ხელშეკრულება.
  • გარდა მუნიციპალიტეტების მერიებისა, აბონემენტები უსასყიდლოდ გადაეცათსხვა ორგანიზაციებსაც, რომელთაგან სამ შემთხვევაში, ჯამში − 330 აბონემენტის ჩუქების ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული.
  • 12 შემთხვევაში აბონემენტები გადაცემულია ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე;
  • 17 შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია სეზონის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
  • 493 შემთხვევაში აბონემენტზე არ არის დატანილი მისი მფლობელის ვინაობა, რაც ქმნის რისკს, გამოყენებული ყოფილიყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

აუდიტის სამსახური წერს, რომ წესი, რომლის მიხედვითაც სააგენტო უფასო აბონემენტებს გასცემს, ზოგადია, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და კომპანიას უქმნის საფრთხეს, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად დაკარგოს მნიშვნელოვანი შემოსავალი.

ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვით აბონემენტები გაიცემა უფასოდ, ფორმულირებულია შემდეგნაირად: „სასრიალო აბონემენტების უფასოდ ან/და შეღავათიანი ფასით გაცემის შესახებ უნდა ემსახურებოდეს სამთოსათხილამურო სპორტისა და კომპანიის მართვაში არსებული სამთოსათხილამურო კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციის, ასევე სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მიზანს."

აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში კომპანიის 2018-2019 წლებში საქმიანობის შესწავლის შედეგად არის შედგენილი.

XS
SM
MD
LG