Accessibility links

site logo site logo

რა კავშირშია „ჩელსი“ პუტინის ზრახვებთან?


ვლადიმირ პუტინის გამოსვლა "გრუ-ს" იუბილეზე.

ინგლისის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელის, მილიარდერ რომან აბრამოვიჩის, შემდეგ ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტ კეტრინ ბელტონსა და გამოცემა HarperCollins-ს ცილისწამებისათვის ლონდონის სასამართლოში უჩივის ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული სამი გავლენიანი ბიზნესმენი. ესენი არიან „ალფა-ჯგუფის“ თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი, მისი ბიზნესპარტნიორი პიოტრ ავენი და ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი. ლონდონის სასამართლოს ცალკე სარჩელით მიმართა კომპანია „როსნეფტმა“, რომლის სათავეში დგას ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარი, იგორ სეჩინი.

რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ მდიდარ და გავლენიან პირთა აღშფოთება გამოიწვია 2020 წელს დიდ ბრიტანეთში გამოსულმა წიგნმა, სათაურით „პუტინის ხალხი: როგორ დაიპყრო КГБ-მ რუსეთი, შემდეგ კი დასავლეთზე გადაერთო“. (Putin's People: How the KGB Took Back Russia and Then Turned on the West).

რუსულენოვანი ტელეკომპანია RTVI-ის ცნობით, მიხაილ ფრიდმანმა და პიოტრ ავენმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც დარღვევების აღმოფხვრის შესახებ ბიზნესმენთა ადვოკატების მიერ შეთავაზებული წინადადების განხილვაზე გამომცემლობა HarperCollins-მა უარი თქვა.

საფეხბურთო კლუბ „ჩელსისთან“ დაკავშირებით კი კეტრინ ბელტონის წიგნში ნათქვამია, რომ მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა სახელგანთქმული საფეხბურთო კლუბი 2003 წელს უშუალოდ ვლადიმირ პუტინის პირადი მითითებით იყიდა.

ჩელსის მფლობელი რომან აბრამოვიჩი. 2015 წ.
ჩელსის მფლობელი რომან აბრამოვიჩი. 2015 წ.

კონსიუმერიზმი „ჰუმანური ტრადიციონალიზმის“ წინააღმდეგ

ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ უკვე ბესტსელერად ცნობილი წიგნის, „პუტინის ხალხის“, ავტორია გაზეთ „ფაინანშელ ტაიმსის“ ყოფილი მოსკოველი კორესპონდენტი, კეტრინ ბელტონი. იგი 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, სადაც მან ახლოდან გაიცნო რუსი ოლიგარქების, ჩინოვნიკების, სპეცსამსახურების წარმომადგენლებისა და ე.წ. კრემლის ინსაიდერების საქმიანობა.

ბელტონის წიგნი წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიებების კრებულს უამრავი წყაროთი, რომელთა უმრავლესობა ანონიმურია. ბრიტანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამ კვლევას მან ხელი მიჰყო იმის გამო, რომ პუტინის რეჟიმის შესახებ გამოცემულ სხვა წიგნებს ცოტა ზედაპირულად მიიჩნევს.

1990-იანი წლების რუსეთისადმი მიძღვნილ კარგ წიგნებად, რომლებშიც უხვადაა გამოძიება და მითითებულია მრავალი წყარო, კეტრინ ბელტონი მიიჩნევს დევიდ ჰოფმანის „ოლიგარქებს“ (2001) და ხრისტი ფრილანდის „საუკუნის გამყიდველობას“ (2000), პუტინზე კი, ჟურნალისტის აზრით, მსგავის კვლევა არ არსებობს.

კეტრინ ბელტონის წიგნში იცვლებიან სპეცსამსახურის თანამშრომლები, ბანდიტები, ოლიგარქები, ჩინოვნიკები და პოლიტემიგრანტები, მაგრამ უცვლელი რჩება მხოლოდ ხელისუფლებისათვის ბრძოლა და რესურსები, რუსული კაპიტალის გადინება დასავლეთში, მათ შორის თავად დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რომ არის მიმართული. „წიგნში უპრინციპო და ფულზე დახარბებულებად გამოყვანილი არიან არა მხოლოდ რუსი, არამედ დასავლეთის წარმომადგენლები“, - წერდა „ბიბისი“ გასული წლის ივნისში წიგნ „პუტინის ხალხის“ გამოსვლასთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მოქმედების ლოგიკას წიგნის ავტორს განუმარტავს რუსეთის КГБ-ს პირველი მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ვლადიმირ იაკუნინი, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბიუჯეტო უწყება - რუსეთის რკინიგზის მმართველობა - ჩააბარა. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) მუხანათობის შესახებ საუბრის დროს იაკუნინს ბრიტანელი ჟურნალისტისთვის უთქვამს, რომ იგი ამაყობს აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრით.

2019 წელს აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს რუსეთის 24 მოქალაქეს უკრაინული გემებისა და ეკიპაჟების წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში განხორციელებული აგრესიის გამო, რომლის დროსაც რუსმა მესაზღვრეებმა ხელთ იგდეს სამი უკრაინული ხომალდი და ტყვეობაში აიყვანეს 24 უკრაინელი მეზღვაური. სიაში არიან „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, ეროვნული გვარდიის მეთაური გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი, „ვთბ“ ბანკისა და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ანდრეი კოსტინი და ზემოხსნებული ვლადიმირ იაკუნინი.

დასავლეთთან დაპირისპირებაში, იაკუნინის თქმით, რუსეთი თურმე იმ „ჰუმანიტარული ტრადიციონალისტური საზოგადოების მხარეზე დგას, რომელსაც აბსოლუტური კონსიუმერიზმი ებრძვის“, ხოლო ამ ბრძოლას მოსკოვი იყენებს იმისთვის, რომ კვლავ იქცეს გლობალურ მოთამაშედ.

ბრიტანელი ჟურნალისტის წიგნში, კრემლსა და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების გარდა, საკმაოდ მწვავედ არიან გაკრიტიკებული და კონფორმისტებად წარმოდგენილი დასავლელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, და ადვოკატები, რომლებსაც ნაკლებად აინტერესებთ რუსი კლიენტებისა და პარტნიორების ფულის წარმომავლობა.

კომპანია „იუკოსის“ ყოფილი პარტნიორები არავითარ სინდისის ქენჯნას არ განიცდიდნენ, როდესაც ცდილობდნენ ამ ფინანსური იმპერიის ნაჭერი წაეგლიჯათ იმ დროს, როდესაც მიხაილ ხოდორკოვსკი საპატიმროში იმყოფებოდა. საეჭვო წარმომავლობის თანხებით რუსები ყიდულობენ ელიტურ უძრავ ქონებას კენსიგტონსა და ბრიტანეთის დედაქალაქის სხვა პრესტიჟულ რაიონებში.

აბრამოვიჩი, „სუპერლიგა“ და კრემლის ინტერესები

კეტრინ ბელტონის წიგნში საფეხბურთო კლუბ „ჩელსისთან“ დაკავშირებით ნათქვამია, რომ მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა სახელგანთქმული საფეხბურთო კლუბი 2003 წელს უშუალოდ ვლადიმირ პუტინის პირადი მითითებით იყიდა.

ვლადიმირ პუტინი და რომან აბრამოვიჩი
ვლადიმირ პუტინი და რომან აბრამოვიჩი

წიგნში შესული სწორედ ეს ამბავი გახდა რომან აბრამოვიჩის ინტერესთა დამცველი იურიდიული ფირმა Harbottle & Lewis LLP-ის მიერ ლონდონის სასამართლოში 23 მარტს შეტანილი სარჩელის საფუძველი.

გასულ შაბათს კი, 1 მაისს, ცნობილი გახდა, რომ კეტრინ ბელტონის წიგნ „პუტინის ხალხის“ გამო გამომცემლობა HarperCollins-ს ცილისწამებისათვის ლონდონის სასამართლოში ოთხი ბიზნესმენი და ერთი კომპანია უჩივის.

ესენი არიან „ალფა-ჯგუფის“ თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი, მისი ბიზნესპარტნიორი პიოტრ ავენი და ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი. ლონდონის სასამართლოს ცალკე სარჩელით მიმართა კომპანია „როსნეფტმა“, რომლის სათავეში დგას ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარი, იგორ სეჩინი.

კეტრინ ბელტონის წიგნში, კერძოდ, მოტანილია თავის დროზე ვლადიმირ პუტინის ოჯახთან დაახლოებული ბანკირის, სერგეი პუგაჩოვის, სიტყვები, რომ საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ რომან აბრამოვიჩმა, დიდ ბრიტანეთში რუსეთის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით, ვლადიმირ პუტინის პირადი მითითებით იყიდა. ამ ინფორმაციამ აღაშფოთა რომან აბრამოვიჩი, რომლის უფლებების დამცველმა ადვოკატებმა ასეთ მტკიცებას „სიყალბე“ და „ცილისწამება“ უწოდეს.

„წიგნში მოტანილია ყალბი მტკიცებულება ჩვენი კლიენტის კორუმპირებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სიცრუეს წარმოადგენს განცხადება ჩვენი კლიენტის მიერ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ შეძენისა და მისი საქმიანობის გარშემო. მსგავსი მტკიცება აბსოლუტურად მიუღებელი და უსაფუძვლოა“, - ნათქვამია რომან აბრამოვიჩის იურისტების მიერ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კრემლიდან მიღებულ მითითებებს დაუკავშირდა ცოტა ხნის წინ საფეხბურთო სამყაროში მომხდარი ერთი სკანდალური ამბავი, როდესაც ლონდონის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ ჯერ შეუერთდა ახალი ტურნირის - სუპერლიგის პროექტის - შექმნის იდეას, მერე კი უარი განაცხადა ასეთ ტურნირში მონაწილეობაზე და ბოდიშიც მოიხადა.

კონტინენტის საუკეთესო გუნდების მონაწილეობით ახალი ევროპული საფეხბურთო ტურნირის შექმნის შესახებ 18 აპრილს გამოცხადდა. სუპერლიგის დამაარსებელ 12 კლუბს შორის ერთ-ერთი „ჩელსიც“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე 21 აპრილს პროექტი შეჩერდა და საფეხბურთო „ჩელსიმაც“ პირველმა თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი.

გერმანული გაზეთ „ზიუდდოეიჩე ცაიტუნგის“ ვარაუდით, ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა შესაძლოა სწორედ კრემლის პოზიციის გამო თქვა უარი ახალი ტურნირის პროექტში მონაწილეობაზე. საფეხბურთო სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ორი მიზეზის გამო გაილაშქრა.

ჩემპიონთა ლიგის მთავარი სპონსორია „გაზპრომი“, რომელსაც ხელს არ აძლევდა ახალი ტურნირის შექმნით დაეკარგა ეს როლი. გარდა ამისა, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული გიგანტური კორპორაცია ფლობს ვლადიმირ პუტინის საყვარელ სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო კლუბ „ზენიტს“, რომლის მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდო იყო საფეხბურთო სუპერლიგაში.

გერმანული გამოცემის თანახმად, მილიარდერმა აბრამოვიჩმა არ ისურვა „ზენიტის“ გამო დაპირისპირებაში აღმოჩენილიყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომლისგანაც „ჩელსის“ მფლობელმა მიიღო „არაორაზროვანი მინიშნება“, რომ საფეხბურთო სუპერლიგის შექმნა „არ შეესაბამებოდა სამშობლოს ინტერესებს“, - წერდა „ზიუდდოეიჩე ცაიტუნგი“.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა სახელმწიფო არხებმა ფართოდ გააშუქეს სუპერლიგის შექმნით უკმაყოფილო გულშემატკივართა აქცია ლონდონის „ჩელსის“ სტადიონის წინ.

რომან აბრამოვიჩი 2020 წელს, ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მდიდარ რუსებს შორის მე-10 ადგილზე გავიდა - მისი ქონება შეფასებულია 11,3 მილიარდ დოლარად.

რომან აბრამოვიჩის სახელი რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლასთან დაკავშირებით.

19 იანვარს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარე ვლადიმირ აშურკოვმა ფეისბუკით გაავრცელა რუსეთის იმ მოქალაქეთა სია, რომელთა მიმართაც ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულ ფონდში აუცილებლად მიიჩნევდნენ დასავლეთის მხრიდან სანქციების შემოღებას როგორც ნავალნის მოწამვლის, ისე რუსეთში დაბრუნებისთანავე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასწრაფოდ დაპატიმრების გამო.

ნავალნის თანამებრძოლები რომან აბრამოვიჩსაც ასახელებდნენ იმ პირთა შორის, რომლებზეც დასავლეთის მიერ დაწესებული საფინანსო და სავიზო შეზღუდვები უნდა გავრცელებულიყო. ბრიტანულ გამოცემა The Independent-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლოვმა აბრამოვიჩს უწოდა „პრეზიდენტ პუტინის უკანონო სიმდიდრით სავსე ჩემოდნების მტვირთველი“, მაგრამ მოგვიანებით გამოცემამ ამ სიტყვების გამოქვეყნება „შეცდომად“ გამოაცხადა და აბრამოვიჩთან ბოდიში მოიხადა.

საფეხბურთო კლუბ „ჩელსისთან“ დაკავშირებით კეტრინ ბელტონის წიგნში მოტანილ სერგეი პუგაჩოვის სიტყვებს მოგვიანებით „ჩელსის“ საიტზე თავად რომან აბრამოვიჩის განცხადება მოჰყვა. მილიარდერი აცხადებდა, რომ წიგნში შესული ყალბი მტკიცებულება „დამღუპველ გავლენას ახდენს“ არა მხოლოდ მის პირად რეპუტაციაზე, არამედ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ საქმიანობაზეც.

რომან აბრამოვიჩი აღნიშნავს, რომ სასამართლომდე ის და მისი გუნდი ეცადნენ მოლაპარაკებოდნენ გამომცემლობას „მშვიდობიანი გამოსავლის“ მოსაძებნად, მაგრამ კომპანია HarperCollins-მა არ შეასწორა წიგნში ყალბი მტკიცებულებები.

„ფაინენშელ ტაიმსთან“ ინტერვიუში გამოცემა HarperCollins-ის წარმომადგენლებმა ბელტონის წიგნი შეაფასეს როგორც „კეთილსინდისიერად შესრულებული და მნიშვნელოვანი ნამუშევარი“ და პირობა დადეს, რომ მის ავტორს დაიცავენ სასამართლოს სხდომებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG