Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატო სურგულაძე: ენტონი ფაუჩიმ თქვა, კარგია ვაქცინა, რომლითაც აიცრებითო


ვატო სურგულაძე
ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გამოეხმაურა. „ცნობილმა ენტონი ფაუჩიმ (აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი) ძალიან კარგი ფრაზა თქვა, რომელია კარგი ვაქცინაო? ის ვაქცინა, რომლითაც აიცრებითო“, - აღნიშნა ვატო სურგულაძე, გადაცემაში. მისი მოსაზრებით, მოსახლეობაში ვაქცინისადმი მეტი სანდოობის თვალსაზრისით, უკეთესი იქნებოდა „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც იგი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებდა, თუმცა ვაქცინების სიმცირის გამო, სხვა გამოსავალი არ იყო:

"პირდაპირ ვიტყვი, მე იგივე ჩემს ახლობლებს მეგობრებს, ნათესავებს ყველას ვურჩიე და ყველა ჩაეწერა ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრის ჩატარებაზე“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ. მისი შეფასებით, საჭიროა სახელმწიფოს გააქტიურება, როგორც ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის გასაფართოვებლად, ასევე ანტივაქსერული განწყობების შესამცირებლად:

„უნივერსიტეტები მუშაობდნენ ხოო, საწარმოები, დაწესებულებები. უნდა მივიდეთ ჩავატაროთ დიახაც ლექციები. ლექცია-სემინარების სახითაც კი, რომ შეკითხვა-პასუხი იყოს. როცა იგივე სტუდენტები დარწმუნდებიან, შესაბამისად თავიანთ მშობლებს ეტყვიან. ბაღის მასწავლებლებთან, სკოლის მასწავლებლებთან ინტერაქტიული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს და არა მარტო ვიდეორგოლების გაშვება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ეფექტიანობით არ გამოირჩევა“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ „დილის საუბრებში“.

დღეიდან, 4 მაისიდან საქართველოში დაიწყო იმუნიზაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით. მისი გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს.

დღეს დილით, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აპრილიდან დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.

„სინოფარმის“ ვაქცინას ჯერჯერობით არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ე.წ. ავტორიზაცია. საერთაშორისო ორგანიზაციამ თავისი შეფასება ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს. ვაქცინის მწარმოებლის თანახმად, ეფექტიანობა 79%-ია. არაბთა გაერთიანებულმა საამირომ, რომელიც რამდენიმე თვეა „სინოფარმს" იყენებს, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ევროკავშირის ქვეყნებიდან "სინოფარმი" აღიარებული აქვს უნგრეთს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამჟამად ,,სინოფარმის“ ვაქცინას იყენებენ 45-მდე ქვეყანაში.

საქართველოში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე მიმდინარეობს 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული "ფაიზერის" და ბრიტანულ-შვედური "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

3 მაისის მდგომარეობით, საქართველოში აცრილია 45 344 ადამიანი. მათგან "ფაიზერის" ორივე დოზა გაკეთებული აქვს 6064-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG