Accessibility links

site logo site logo

„დიდი შვიდეული“ გააძლიერებს ძალისხმევას რუსეთის „უპასუხისმგებლო ქმედების“ წინააღმდეგ


"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლონდონში. 2021 წ. 5 აპრილი.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გამართული პირისპირ შეხვედრა დაასრულეს დაპირებით, რომ ერთობლივად აღუდგებიან წინ რუსეთის „უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ“ ქცევას, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ბევრი არაფერი უთქვამთ გარდა იმისა, რომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუხატეს.

„ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქცევის უარყოფითი ტენდენცია გრძელდება,“ განაცხადეს 5 მაისს ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის, იაპონიის, იტალიის, კანადისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მათ ისაუბრეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალების თავმოყრაზე და სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემების დასუსტებისკენ მიმართულ ქმედებებზე, კიბერთავდასხმებზე და დეზინფორმაციაზე.

„მიუხედავად ამისა ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კოლექტიური შესაძლებლობებისა და ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებას და წინ აღვუდგებით რუსეთის ქცევას, რომელიც საფრხეს უქმნის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის სფეროებში,“ ნათქვამია მინისტრთა განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრა ჩატარდა ჯგუფის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის შესამზადელად, რომელიც მომვალ თვეში გაიმართება ინგლისში, კორნუოლში.

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფონია რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა მთელ რიგ საკითხებში. მათ შორისაა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა, აშშ-ისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში სავარაუდო ჩარევა, სავარაუდოდ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები და კრემლის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის მოწამვლა და დაპატიმრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG