Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაია აშშ-ს ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებს


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია, მოუწოდებს აშშ-ს, რომ გააძლიეროს სანქციები და ზეწოლა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკაზე, რომელიც სასტიკ რეპრესიებს მიმართავს რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.

6 მაისს კონგრესის ადამიანის უფლებათა კომისიის მოსმენაზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაკეთებული მიმართვის დროს ციხანოუსკაიამ მოუწოდა აშშ-ს, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩაერთოს ერთობლივ საერთაშორისო მედიაციის პროცესში, რათა ხელი შუწყოს პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ბელარუსში.

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს გამოიყენოს თავისი დიპლომატია ლუკაშენკას შემდგომი იზოლაციისთვის, რაც იქნება იმის ხაზგასმა, რომ მისი დრო წავიდა“, - აღნიშნა ციხანოუსკაიამ, რომელიც ნებაყოფლობით დევნილობაში იმყოფება ლიეტუვაში.

6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ძალოვანი და სამართალდამცველი სტუქტურებიდან დაითხოვა დაახლოებით 86 თანამშრომელი, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „საზოგადოებაში აძლიერებდნენ საპროტესტო განწყობებს, ორგანიზებას უკეთებდნენ და თავადაც მონაწილეობდნენ საპროტესტო ღონისძიებებში და ადამიანებს რადიკალური მოქმედებებისკენ მოუწოდებდნენ“.

66 წლის ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში - რასაც მოჰყვა თითქმის ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნებით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. დასავლეთი უარს ამბობს ლუკაშენკას აღიარებაზე ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად.

უსაფრთხოების ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელეს დემონსტრანტებზე, დააკავეს ათასობით პირი, მათ შორის ჟურნალისტები, წამყვანი ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს.

ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი. უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ დაკავებულების ნაწილი ციხეებში აწამეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG