Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO-მ "სინოფარმს" ავტორიზაცია მისცა


ჩინური ვაქცინა “სინოფარმი“ დღეიდან საგანგებო მოხმარებისთვისაა განთავსებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განიხილა „სინოფარმის“ კლინიკური გამოცდის შედეგები. ვაქცინა უსაფრთხოა და საკმარისი ეფექტიანობა აქვს, რომ ორი დოზის შემდეგ ადამიანი СOVID-19-ის ვირუსისგან დაიცვას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის განთავსება (Emergency Use Listing) მნიშვნელოვნად ასწრაფებს ვაქცინის იმპორტის პროცესს მსოფლიოში. ამ დრომდე „სინოფარმს“ 45 ქვეყანაში იყენებდნენ.

საქართველოში „სინოფარმით“ აცრა 4 მაისს დაიწყო და ეს ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც 18-დან 55 წლამდე ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. ქვეყანაში 100 000 დოზაა შემოსული, 7 ივნისის ჩათვლით Sinopharm-ის ვაქცინაზე გაკეთებულია 25 711 ჯავშანი. თბილისში ამ ეტაპზე ყველა ადგილი შევსებულია, უცნობია, როდის დაემატება ახალი ადგილები. აცრის დაჯავშნა შესაძლებელია აქ.

„სინოფარმის“ დადასტურებული ეფექტიანობა 78.1%-ია. ეს მაჩვენებელი დაადასტურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE), რომელმაც ვაქცინასთან დაკავშირებით 29 აპრილს იმსჯელა. ჯგუფმა ვაქცინის სამი ფაზის გამოცდა და 45 ქვეყანაში გაკეთებული 65 მილიონი დოზა განიხილა. ჩინური ვაქცინა ტრადიციული ხერხით არის დამზადებული - ისევე როგორც, მაგალითად, პოლიომიელიტის, ჰეპატიტის ან ცოფის. ვირუსის დასუსტებული ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს. ასე მუშაობს ვაქცინების უმეტესობა მსოფლიოში. „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით.

აცრის შემდეგ, გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერია. ეს არის ტკივილი ჩხვლეტის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG