Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარტია მოითხოვს, დაისაჯონ „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე მოძალადე პირები


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე, ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეზე სასულიერო პირის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ მომხდარი და პასუხი აგონ კონკრეტულმა პირებმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერიძეს, 8 მაისს, გადაღების დროს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება.

ქარტია წერს, რომ ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.

2021 წლის 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

2021 წლის 4 მაისს დავითგარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.

თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა“, - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG