Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამთავრობო უწყებები გამოძიებაზე მუშაობენ კიბერთავდასხმით პარალიზებული მილსადენის ოპერატორთან


აშშ-ის სამთავრობო უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ იმ საწვავის მილსადენის ოპერატორთან, რომელსაც კიბერთავდასხმის გამო დახურვა მოუხდა.

ვაჭრობის მინისტრმა, ჯინა რაიმონდომ 9 მაისს განაცხადა, რომ კოორდინირებულ გამოძიებას მაქსიმალური ძალები ხმარდება. CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში რაიმონდომ დასძინა, რომ ფედერალური მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიასთან და სახელმწიფო და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან და ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მილსადენმა მუშაობა მალე, მიწოდებაში შეფერხების გარეშე აღადგინოს.

მილსადენმა Colonial Pipeline 8 მაისს გამოაცხადა, რომ წინა დღეს მსხვერპლი გახდა გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისა და საფრთხის გასანეიტრალებლად, "პროაქტიულად", თავისი სისტემები ინტერნეტიდან მოხსნა - რის გამოც შეჩერდა მილსადენის მუშაობა და შეფერხდა ზოგიერთი კომპიუტერული სისტემა. Colonial Pipeline-ი არ აკონკრეტებს რა იყო თავდასხმის მოთხოვნა, ან ვისზე არსებობს ეჭვი.

თავდასხმა განხორციელდა ე.წ. გამომძალველი პროგრამით, რომლის დროსაც მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ, კოდის მოხსნის ნაცვლად. ამგვარი თავდასხმები - რომლებსაც ხშირად რუსეთში მომუშავე კრიმინალური სინდიკატები სჩადიან - ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა და ისინი მიზანში იღებს მთავრობებს და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციებს

Colonial Pipeline-ს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის 45 პროცენტამდე გადააქვს.

XS
SM
MD
LG