Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიკარგა ომსკის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სადაც ნავალნის მკურნალობდნენ


რუსეთის პოლიციის 9 მაისის განცხადებით, დაიკარგა იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელი ექიმი, რომელშიც გასულ ზაფხულს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავში კოლაფსის შემდეგ მკურნალობდნენ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ომსკის რეგიონის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი აღარავის უნახავს მას შემდეგ, რაც 7 მაისს სანადირო ბაზა ყველგანმავალი მანქანით დატოვა.

სამინისტრო აცხადებს, რომ მურახოვსკის ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ გადაუდებელი დახმარების უწყებები, ნადირობის ინსპექტორები, საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებნი. ძებნის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები და დრონებიც. სამინისტრო დასძენს, რომ ძიების ოპერაციას აფერხებს ადგილის სირთულე, რომელიც ჭაობიან მონაკვეთებსაც მოიცავს. სამინისტროს განცხადებით, ყველგანმავალი მოტო სანადირო ბაზიდან დაახლოებით 6 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

მურახოვსკი მთავარი ექიმი იყო ციმბირის ქალაქ ომსკის იმ საავადმყოფოსი, სადაც პუტინის ყველაზე ცნობილ კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ. რამდენიმე თვეში ის ომსკის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

მიმდინარე წელს, 26 მარტს გარდაიცვალა ამავე საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული განყოფილების დირექტორი, რუსტამ აგიშევი - მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ინსულტი დაასახელეს. აგიშევის სიკვდილს ორი თვით უსწრებდა წინ საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, სერგეი მაკსიმიშინის გარდაცვალება. მასკიმიშინი საავადმყოფოში, გულის შეტევით დაიღუპა - როგორც ამას 4 თებერვალს იუწყებოდა ჯანდაცვის რეგიონული სამინისტროს პრესსამსახური. ის 55 წლის იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG