Accessibility links

site logo site logo

ძლიერმა ყინვამ სამცხე-ჯავახეთში ნათესები გაანადგურა და პირუტყვი დახოცა


ბოლო ორი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურის ვარდნამ ხეხილი და ნათესები მოყინა, პირუტყვი კი დახოცა. ფერმერები მოსავლის განადგურებაზე საუბრობენ.

11 მაისს გამთენიისას ჰაერის ტემპერატურა მაღალ მთაში -6 გრადუსამდე დაეცა. უამინდობის შედეგად მოიყინა ხეხილი და ნათესები. ფერმერი კახა ჩინჩალაძე მეექვსე წელია სოფელ ურაველში ნაკვეთზე ხუთ ჰექტარზე გაშენებულ კაკლის ბაღს უვლის. ამბობს, რომ მისი ერთადერთი საზრუნავი ახლა თავად ნარგავების გადარჩენაა.

"ორი ღამე ვუხრჩოლებდი ნახერხს, ვაზი გადავარჩინე და ხეხილმა ვერ გაუძლო, კაკლის, ბლის, ალუბლის, ვაშლის, ქლიავის ხეები და მოცხარის ბუჩქები გამინადგურა თითქმის სრულად. ისეთი ძლიერი ყინვა იყო, კვამლმა ვერაფერი უშველა", - ამბობს ალექსი გრიგალაშვილი.

გაყინულ მოსავალზე ჩივიან სოფელ სხვილისშიც. ამბობენ, რომ ყინვამ მათი შემოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

"კარტოფილი მთლიანად მოყინულია. ვენახი, კაკალი, თუთა, ვაშლი, ბალი - წელს აღარ გვექნება. ჭანჭურს ისედაც ცოტა ესხა და ახლა ბოლომდე გაანადგურა", - ამბობს ერთ-ერთი ფერმერი.

10 მაისის ღამეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელ ეშტიაში 40 ცხვარი და ორი ძროხა სიცივისგან დაიღუპა. სოფელ ეშტიის რწმუნებული ამბობს, რომ ფერმერებს ზარალს ვერ აუნაზღაურებენ, რადგან პირუტყვი დაზღვეული არ იყო.

"ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ მოსახლეობას, დააზღვიონ როგორც ცხოველები, ისე მიწა, რომ ასეთ შემთხვევებში მათ სახელმწიფოსგან გარკვეული დახმარება მიიღონ", - ამბობს ნინოწმინდის მერის წარმომადგენელი ეშტიის თემში ეგორ კოტოიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების ნაწილს აგროდაზღვევა აქვთ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, დაზღვევა საგაზაფხულო ყინვით მიღებულ ზიანს არ ანაზღაურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG