Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ეჭვი აქვს, რომ გრუ-მ აკუსტიკური იერიშები განახორციელა მის დიპლომატებზე


რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) მთავარი შენობა.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) მთავარი შენობა.

ამერიკელ დიპლომატებზე სავარაუდო აკუსტიკური თავდასხმების უკან შესაძლოა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) თანამშრომლები იდგნენ, რის ზუსტი დასაბუთება ჯერჯერობით არ მოიპოვება. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს წყაროებზე დაყრდნობით.

აშშ-ის ფედერალურმა სპეცსამსახურებმა ჯერ ვერ დაადგინეს ამერიკელთა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები, მაგრამ სავარაუდო თავდასხმების თაობაზე ძიება გააქტიურდა.

გამოცემის თანახმად, გრუ რუსეთის ერთადერთი სპეცსამსახურია, რომელსაც მოეპოვება ტექნოლოგია აკუსტიკური თავდასხმისთვის. აშშ-ის სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა Politico-ს უთხრა, რომ ამგვარი ტექნოლოგიები შეიძლება ჰქონდეთ ისრაელსა და ჩინეთს, მაგრამ ისინი არ მუშაობენ ყველა ადგილას, სადაც ინციდენტები დაფიქსირდა.

2016 წლის ბოლოდან მოკიდებული, ჰავანაში აშშ-ის დიპლომატები იტყობინებოდნენ მაღალი სიხშირის უცნაურ ბგერებზე, რის შემდეგაც მათ შეენიშნებოდათ თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, დაქანცულობა, თავბრუს ხვევა და კოორდინაციისა და სმენის დაკარგვა.

2017 წლის სექტემბერში აშშ-მა კუბის დედაქალაქიდან გაიხმო თავისი დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ნაწილი. აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის ხელისუფლებას დასდო თავდასხმებში ბრალი და ვაშინგტონიდან გააძევა კუბის 15 დიპლომატი. ჰავანა უარყოფს თავდასხმებთან რაიმე კავშირს.

2018 წლის ივნისში აშშ-მა ასევე გამოიხმო ამერიკის რამდენიმე დიპლომატი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს საკონსულოდან, მას შემდეგ, რაც დიპლომატებს „აკუსტიკური შეტევის“ იგივე სიმპტომები გაუჩნდათ. ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოიძია ინციდენტი და ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინა.

აპრილის ბოლოს CNN-ი იტყობინებოდა, რომ ორი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ის ტერიტორიაზე. 2019 წელს თეთრი სახლის თანამშრომელმა თქვა, რომ მასზე აკუსტიკური თავდასხმა განხორციელდა ვირჯინიაში. კიდევ ერთი შემთხვევა გამოავლინეს 2020 წლის ნოემბერში. როგორც იუწყებიან, ინციდენტი თეთრი სახლის მახლობლად მოხდა.

Politico-ს წყაროების თანახმად, ჯერჯერობით არ არის ნათელი, უცხოეთში თავდასხმები კავშირშია თუ არა აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარ მსგავს შემთხვევებთან.

2019 წლის ბოლოდან იტყობინებიან, რომ როგორც მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ გამოავლინა, კუბაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის 40 თანამშრომელს თავის ტვინის სტრუქტურაში ცვლილებები დაუდასტურდა.

XS
SM
MD
LG