Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო  


ნიკა მელია
ნიკა მელია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე კომუნიკაციას დაიწყო. როგორც მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სტრასბურგის სასამართლომ კითხვები გაუგზავნა საქართველოს მთავრობას. მელიას ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ ევროსასამართლო ახსენებს იულია ტიმოშენკოსა და ალექსეი ნავალნის საქმეებს.

„ნიკა მელიას სახელით საჩივარი შევიტანეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მან საკმაოდ მოკლე დროში გამოუგზავნა კითხვები საქართველოს ხელისუფლებას (დააკომუნიცირა). კითხვებში ასახულია ყველა ის საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებდით ადვოკატები საჩივარში. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებში ევროპული სასამართლო საქართველოს ხელისუფლებას ეკითხება, რამდენად არსებობდა კონვენციით გათვალისწინებული დაპატიმრების საფუძვლები და ამ კონტექსტში ახსენებს საქმეებს „ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ". მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლო კითხვას სვამს მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამ მუხლის არსი მდგომარეობს შემდეგში - მართლმსაჯულების გამოყენება არალეგიტიმური მიზნებისთვის. როგორც წესი, პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური პატიმრების საქმეებში, სწორედ, მე-18 მუხლის დარღვევას ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ძალიან და ძალიან იშვიათად აკეთებს ამას", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს. პარალელურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად იყო გადაეხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი.

ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG