Accessibility links

site logo site logo

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მელიას საქმეზე სტრასბურგში წარსადგენად მყარი არგუმენტები აქვთ


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ერთი დღის დაგვიანებით ეხმაურება ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის სტრასბურგის სასამართლოდან კომუნიკაციის დაწყებაზე. სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან" და რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა.

"საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს - სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს... 2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა", - ვკითხულობთ სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე კომუნიკაციის დაწყებაზე ინფორმაცია გუშინ, 11 მაისს გაავრცელა. როგორც მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სტრასბურგის სასამართლომ კითხვები გაუგზავნა საქართველოს მთავრობას. მელიას ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ ევროსასამართლო ახსენებს იულია ტიმოშენკოსა და ალექსეი ნავალნის საქმეებს.

„ნიკა მელიას სახელით საჩივარი შევიტანეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მან საკმაოდ მოკლე დროში გამოუგზავნა კითხვები საქართველოს ხელისუფლებას (დააკომუნიცირა). კითხვებში ასახულია ყველა ის საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებდით ადვოკატები საჩივარში. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებში ევროპული სასამართლო საქართველოს ხელისუფლებას ეკითხება, რამდენად არსებობდა კონვენციით გათვალისწინებული დაპატიმრების საფუძვლები და ამ კონტექსტში ახსენებს საქმეებს „ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ". მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლო კითხვას სვამს მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამ მუხლის არსი მდგომარეობს შემდეგში - მართლმსაჯულების გამოყენება არალეგიტიმური მიზნებისთვის. როგორც წესი, პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური პატიმრების საქმეებში, სწორედ, მე-18 მუხლის დარღვევას ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ძალიან და ძალიან იშვიათად აკეთებს ამას", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG