Accessibility links

site logo site logo

სენატორი ჯიმ რიში იმედს გამოთქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა


ჯიმ რიში, ამერიკელი სენატორი

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას განცხადებით ეხმიანება. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იგი იმედს გამოთქვამს, რომ პარტიები თავიანთ დანაპირებს შეასრულებენ, შეთანხმებას ხელს მოაწერენ და საქართველოს პარლამენტში მუშაობას შეუდგებიან:

„მოხარული ვარ იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გათავისუფლებულია პატიმრობიდან. მისი გათავისუფლება 2021 წლის აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის 18-თვიანი პოლიტიკური ჩიხის დასრულებას.

ახლა, როდესაც ბატონი მელია თავისუფალია, ველი, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც გასული თვის შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, პირობას შეასრულებენ, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, საქართველოს პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ და იმუშავებენ სხვა ხელმომწერებთან ერთად, რათა დახურონ ეს არეული თავი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში“, - დაწერა სენატორმა ჯიმ რიშმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას, თავისი ანგარიშის გავლით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული "შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული და ცნობილი სავარაუდოდ კვირის ბოლოს გახდება. ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ ისევე, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებაც "ფეისბუკზე" გამოკითხვის საფუძველზე იქნეს მიღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG