Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ჰამასის მეთაურებზე მიიტანა იერიში, აშშ რეგიონში წარმომადგენელს აგზავნის


ქალაქი ღაზა, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობა, 12 მაისი, 2021 წელი
ქალაქი ღაზა, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობა, 12 მაისი, 2021 წელი

ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამასის დაჯგუფების შეიარაღებული ფლანგის 16 წევრი მოკლა 12 მაისს ღაზაში იერიშის შედეგად.

პალესტინელმა მებრძოლებმა რაკეტები დაუშინეს ისრაელს.

ამის ფონზე აშშ აგზავნის თავის წარმომადგენელს რეგიონში, რათა შეეცადოს ბოლო წლებში ორ მხარეს შორის ყველაზე მწვავე საბრძოლო დაპირისპირების შეჩერებას.

ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სულ მცირე, 57 ადამიანი იქნა მოკლული ღაზაში 10 მაისის შემდეგ. მათ შორის არის 14 ბავშვი.

ისრაელის თანახმად, იქ ექვსი პირია დაღუპული.

ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეტანიაუს თანახმად, ქალაქ ღაზის ბრიგადის მეთაურია მოკლული ისლამისტური დაჯგუფების დახოცილ მაღალი რანგის წევრებს შორის.

ამ განცხადების შემდეგ სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ აშდოდს, და ისრაელის მედიის თანახმად, სამხედროები ემზადებიან ტელ-ავივზე ახალი იერიშისთვის

ჰამასმა დადასტურა მეთაურის და „წმინდა ომის სხვა ლიდერების“ დაღუპვის ამბავი.

12 მაისს ისრაელის გამანადგურებლებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს 14- სართულიან შენობაზე ქალაქ ღაზაში და დაანგრიეს ის.

შენობაში განთავსებული იყო დაწესებულებები, მათ შორის ჰამასის ტელეარხის, ალ-აქსას ოფისი. შენობა მდებარეობდა ღაზის ხალხმრავალ ქუჩაზე.

ჰამასმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმის საპასუხოდ 130 რაკეტა დაუშინა ისრაელს.

ისრაელმა ქვეითი ჯარი და ჯავშანტექნიკა გააგზავნა ტანკების მხარდასაჭერად, რომლებიც ღაზის საზღვართან არიან მობილიზებული. მსგავსი შეჭრა ღაზის სექტორში განხორციელდა 2014 წელს, რათა შეეჩერებინათ სარაკეტო თავდასხმები.

პალესტინელთა წყარო იტყობინება, რომ ეგვიპტის, კატარის და გაეროს ძალისხმევა, შეწყვეტილიყო კონფლიქტი, ვერ იქნა წარმატებული.

განადგურების სცენებს „საშინელი“ უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელმაც განაცხადა, რომ აგზავნის რეგიონში თავის ასისტენტს, ჰადი ამრს, რათა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდოს სიმშვიდისკენ. ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელს აქვს „სრული უფლება“ თავისი მოქალაქეების თავდაცვისთვის, მაგრამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დაიცვას უდანაშაულო პალესტინელები.

პენტაგონის მეთაურმა, ლოიდ ოსტინმა თავისი მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელის კანონიერ უფლებას, დაიცვას თავი. ისრაელის თავდაცვის მინისტმა, ბენი განცმა, განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ჰამასზე იერიშებს, რათა აღადგინოს ხანგძლივი სიმშვიდე.

ჰამასსა და ისრაელს შორის ამჟამინდელი საომარი დაპირისპირება ყველაზე მძიმეა 2014 წლის შემდეგ. იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ვითარება კონტროლიდან შეიძლება გამოვიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG