ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი, რომელიც ამჟამად ჰააგის ციხეში იმყოფება ომის დანაშაულებში და გენოციდის ბრალდებით, თავისი განაჩენის დარჩენილ ვადას ბრიტანეთში მოიხდის.
75 წლის კარაჯიჩს 40 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2016 წელს მას შემდეგ, რაც ბრალდებულად ცნეს გენოციდში - 1995 წლის ივლისში, სრებრენიცეში, 8000-ზე მეტი მაჰმადიანი მამაკაცისა და ბიჭის მასობრივი დახოცვისთვის ბოსნიელი სერბების ძალების მიერ.
2019 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსამართლეებმა ჰააგაში მისი პატიმრობის ვადა გაახანგრძლივეს და სამუდამო პატიმრობით შეცვალეს. "რადოვან კარაჯიჩი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, რომლებიც გენოციდში ცნეს ბრალდებულად. ის პასუხისმგებელია კაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივ დახოცვისთვის სრებრენიცის გენოციდისას, ის აგრეთვე, ხელს უწყობდა სარაევოს ალყას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავისი დაუნდობელი თავდასხმებით ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, 12 მაისს.
მან დასძინა, რომ ბრიტანეთი "უნდა ამაყობდეს" იმით, რომ მხარი დაუჭირა ბოსნიელი სერბების ყოფილი პოლიტიკური ლიდერის მიმართტმართლმსაჯულების აღსრულებისკენ სვლას 30 წლის განმავლობაში. კარაჯიჩი ასევე ბრალდებულად ცნეს ომის დანაშაულებსა და დანაშაულებში კაცობრიობის წინააღმდეგ - სარაევოს თითქმის ოთხწლიანი ალყის გამო ბოსნიელი სერბების ძალების მიერ და ეთნიკური წმენდის კამპანიის ხელმძღვანელობისთვის, რის შედეგადაც ხორვატებისა და მაჰმადიანების განდევნა მოხდა ბოსნიის იმ რაიონებიდან, რომლებზეც სერბები აცხადებდნენ პრეტენზიას