Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრი დააპატიმრეს ნავალნის მხარდამჭერი მიტინგის შესახებ პოსტების გამო


ევგენი როიზმანი სასამართლოზე ეკატერინბურგში, 2021 წლის 26 მარტი
ევგენი როიზმანი სასამართლოზე ეკატერინბურგში, 2021 წლის 26 მარტი

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და ურალის ქალაქ ეკატერინბურგის ყოფილ მერს, ევგენი როიზმანს ცხრადღიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოსტების გამო ინტერნეტში, რომლებიც შეეხებოდა საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერთა გამოსვლას 31 იანვარს.

ეკატერინბურის ოქტომბრის რაიონის სასამართლომ, 12 მაისს, როიზმანი - რომელიც ასევე ყოფილი წევრია პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის - დამნაშავედ ცნო არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში.

როიზმანმა დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ მისი პოსტები არც ხალხისთვის მოწოდება იყო მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ და არც მისი ორგანიზების მცდელობა.

რუსეთის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები, რომლებიც 23 იანვარს და 31 იანვარს ჩატარდა, მიმართული იყო ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვის აეროპორტში დააკავეს 17 იანვარს, როცა ის გერმანიიდან ჩამოვიდა, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც ციმბირში, აგვისტოში, მოწამლეს, როგორც რამდენიმე ევროპული ლაბორატორიის დასკვნამ აჩვენა, სამხედრო ქიმიური ნერვული აგენტით.

ნავალნი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მისი მოწამვლის ბრძანება პირდაპირ ვლადიმირ პუტინმა გასცა, რაც კრემლმა უარყო. როიზმანმა 31 იანვრის მიტინგის წინა დღეს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ "აუცილებელია გამოსვლა 31-ში. მე გამოვალ" და "ისინი არამზადები არიან, მოდი, გავიდეთ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG