Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: მისასალმებელია, რომ პარტიები საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებას აგრძელებენ


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას გამოეხმაურა, ყვარელში მედიასთან საუბარში, დასმული კითხვის პასუხად. მისი თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებას მოწმობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბატონი მელიას ციხიდან გათავისუფლება, 19 აპრილის შეთანხმების აღსრულების საფუძველზე , ეს იყო შეთანხმების ძირითადი ნაწილი. ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრები შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა ამ შეთანხმების აღსრულების დასასრულებლად. მისასალმებელია, რომ პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებებს საარჩევნო რეფორმაზე , ეს არის 19 აპრილის შეთანხმების ცენტრალური ელემენტი და იმაში დარწმუნების საშუალება, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები დაიმსახურებს ამომრჩევლის სრულ ნდობას“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

კითხვაზე თუ როგორ წარმოუდგენია პროცესის გაგრძელება, როცა სასამართლოში ჯერ ისვე მიმდინარეობს ნიკა მელიას, ასევე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამიტომ არის მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის იმგვარი განხორციელება, რომ მისდამი საზოგადოებას და ასევე პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ნდობა.

„ამიტომ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და პარლამენტის ყველა წევრს შევიდნენ პარლამენტში , ეს იყოს ჩვენი თანმიმდევრული გზავნილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ . ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის მძიმე მუშაობისთვის განკუთვნილი ის ადგილი , რათა გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა , საარჩევნო სისტემა და რომ საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ არჩევნების შედეგებსა და მათი სასამართლოს გადაწყვეტილებების სისწორეში“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას, თავისი ანგარიშის გავლით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული "შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული და ცნობილი სავარაუდოდ კვირის ბოლოს გახდება. ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ ისევე, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებაც "ფეისბუკზე" გამოკითხვის საფუძველზე იქნეს მიღებული.

XS
SM
MD
LG