Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის „რკინის გუმბათი“ - რა არის, როგორ მუშაობს და რა ნაკლი აქვს


ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების გამწვავების შემდეგ სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტები, რომლებიც თითქოს უხილავ კედელს ეჯახება.

ეს „რკინის გუმბათია“ – თავდაცვითი სისტემა, რომელიც ისრაელს რაკეტებისა და ჭურვებისგან იცავს.

მწვავდება დაპირისპირება ისრაელსა და პალესტინელებს შორის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

რა არის „რკინის გუმბათი“?

ესაა მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც ისრაელი იყენებს 70 კილომეტრის მანძილიდან გასროლილი რაკეტების გასაუვნებელყოფად. სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს - ნისლშიც, წვიმაშიც და მტვრის ღრუბელშიც. სისტემა აანალიზებს საფრთხეს და ანტირაკეტას მხოლოდ მაშინ უშვებს, თუ საფრთხე დასახლებულ ადგილს ემუქრება.

რამდენად ეფექტიანია?

ისრაელის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ „რკინის გუმბათი“ ღაზიდან გამოსროლილი რაკეტების 85-90 პროცენტს უმკლავდება. ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი შეაქვს ამ მაჩვენებლის სანდოობაში, თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ სისტემა მუშაობს. ჟურნალ „ტაიმსის“ თავდაცვის ექსპერტმა მარკ ტომპსონმა თქვა „ისრაელის მხრიდან მსხვერპლის ნაკლებობა გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ეს „რკინის გუმბათი“ ყველაზე ეფექტიანი და გამოცდილი სარაკეტო თავდაცვითი სისტემაა, რას მსოფლიოს უნახავსო“. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მოშე პატელის შეფასებით, სისტემამ ათასობით რაკეტა ჩამოაგდო და ასობით სიცოცხლე გადაარჩინა.

ღაზის მახლობლად განთავსებული "რკინის გუმბათის" სისტემა
ღაზის მახლობლად განთავსებული "რკინის გუმბათის" სისტემა

რამდენი ხანია არსებობს?

საჰაერო თავდაცვის მსგავსი სისტემის შექმნა იერუსალიმმა 2006 წელს „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. მაშინ ისრაელის ჩრდილოეთით 4 ათასი რაკეტა დაეცა და 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„რკინის გუმბათი“ 2007 წელს, ისრაელის კომპანია „რაფაელს“ დაუკვეთეს. ოთხ წელიწადში ის უკვე სამხედრო მზადყოფნაში იყო, რაც შეიარაღების სისტემისთვის საოცრად მცირე დროა.

თავდაცვითი სისტემის შექმნა ნაწილობრივ ამერიკამაც დააფინანსა და პროგრამისთვის 429 მილიონი დოლარი გამოყო.

"რკინის გუმბათი" ანტირაკეტას უშვებს
"რკინის გუმბათი" ანტირაკეტას უშვებს

კიდევ ვის აქვს მსგავსი სისტემა?

2016 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა, იავერ ჯამალოვმა განაცხადა, რომ ისრაელისგან შეიძენდა „რკინის გუმბათის“ სისტემას.

მას შემდეგ იერუსალიმთან ხელშეკრულებას ინდოეთმა, რუმინეთმა და აშშ-მაც მოაწერეს ხელი.

სომხური ლობისტური ორგანიზაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებდა, წინ აღდგომოდა აზერბაიჯანისთვის "რკინის გუმბათის" მიყიდვას. 2017 წლის თებერვალი.
სომხური ლობისტური ორგანიზაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებდა, წინ აღდგომოდა აზერბაიჯანისთვის "რკინის გუმბათის" მიყიდვას. 2017 წლის თებერვალი.

რა ნაკლი აქვს სისტემას?

„გუმბათი“ ყოვლისშემძლე არ არის და თუ ერთდროულად ძალიან ბევრ რაკეტასთან მოუხდა გამკლავება, რამდენიმემ შეიძლება დაცვა გაარღვიოს. „ჰამასი“ ცდილობს ხოლმე ერთბაშად ბევრი იაფი რაკეტის გატყორცნას და სისტემის ამგვარად გადატვირთვას.

თუმცა, რამდენიმე ანალიტიკოსის აზრით, თავდაცვითი ფარის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ის ისრაელის პოლიტიკოსებს უძლეველობის განცდას უჩენს და ისინი მშვიდობის მიღწევას კი არა, „კონფლიქტის მენეჯმენტს“ ცდილობენ და ღაზის დაბომბვას აგრძელებენო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG