Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კახიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს „ოცნებიდან“ გასვლის საფუძველი


კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნებიდან“ გასვლას არ აპირებს, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც მასსა და მმართველ პარტიას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში დატოვებს „ქართული ოცნების“ რიგებს, თუ დაინახავს, რომ მის აზრს არ ითვალისწინებენ:

„თუ ვნახავ, რომ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოჰყვება, მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ ვნახავ, რომ ჩემი საკითხი, ჩემი რესურსი ამოწურულია "ქართულ ოცნებაში" და მე იქ არაფერს არ წარმოვადგენ, რა თქმა უნდა, იმ პარტიაში მე ვერ დავრჩები, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ჩამთვლიან, რომ უპირობო შემსრულებელი ვარ...

არ ვეთანხმები, მაგალითად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას თვითმმართველობის არჩევნებზე. მაჟორიტარების შეკვეცა მიმაჩნია არასწორად, რადგან თვითმმართველობის არსი ისაა, რომ უშუალო კომუნიკაციაში უნდა იყო ადამიანებთან. დღეს ამ სისტემით უშუალო კომუნიკაციაში ადამიანებთან არიან, ძირითადად, მაჟორიტარები", - განაცხადა კახა კახიშვილმა. მან კომენტარი გააკეთა ასევე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც კახიშვილისთვის პარლამენტში ორი კომიტეტის თავმჯდომარეობის შეთავაზებას შეეხება. კახიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ისაუბრა აღნიშნულზე ირაკლი კობახიძემ საჯაროდ:

„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რა გასატანი იყო. ეს იყო ოთხ კაცში საუბარი, რომელიც შედგა პარტიაში. მე არ მეგონა, რომ მაინცდამაინც განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო. კარგია, დაადასტურეს ამით, რომ ჩემთვის საოცნებო თანამდებობა არაა. რადგან ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, ალბათ იფიქრა, რატომ მიდის, აგერ თანამდებობა შევთავაზეთო. მეორე საკითხია, რომ მხოლოდ თანამდებობა არ არის ყოველთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

მმართველი გუნდის დეპუტატმა, კახა კახიშვილმა 13 მაისს "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ თუ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმება, პარტიას დატოვებს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახლა უკმაყოფილოა იმით, რომ არ არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საკონტაქტო ადამიანი, რომლის გავლითაც მაჟორიტარულ ოლქებში დაგროვებულ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანს.

"თუ საჭირო იქნება, უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ იმისთვის, რომ ცოტა ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ და რეაგირება დროულად მოახდინონ", - აღნიშნა მან.

დღეს, 14 მაისს კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კახა კახიშვილს ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.

"თუ არის რაიმე ინტერესი, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და, შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება", - უთხრა მედიას ირაკლი კობახიძემ. კახა კახიშვილმა კი "ფორმულასთან" აღნიშნა, რომ პარლამენტში ყოფნა მისთვის პატივია, თუმცა თავის თავს უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხედავდა.

კახა კახიშვილი ისნის მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელია პარლამენტში. ის მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც იყო და მუშაობდა აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG