Accessibility links

site logo site logo

თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მერმა


გიორგი შენგელიამ დატოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. შენგელია მიზეზად ასახელებს „შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას“. კონკრეტულად რა ვითარებას, გიორგი შენგელიას ფეისბუკ-პოსტიდან არ ჩანს:

"ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა".

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დღეს შენგელია ბრიფინგის გამართვასაც გეგმავს და მისი გადაწყვეტილების შესახებ უფრო მეტი სავარაუდოდ, ბრიფინგზე გაირკვევა.

გიორგი შენგელია ზუგდიდის მერის თანამდებობას იკავებდა 2019 წლის ივნისიდან. 2019 წლის მაისში ჩატარებულ, მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაამარცხა.

ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში, პოსტი კონკრეტული მიზეზის დაუსახელებლად დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG