Accessibility links

site logo site logo

ისრაელის თავდასხმისას მოკლეს "ისლამური ჯიჰადის" მეთაური


ისრაელი აცხადებს, რომ მისმა საჰაერო იერიშმა იმსხვერპლა ღაზაში ექსტრემისტების გავლენიანი მეთაური და გაანადგურა "ჰამასის" მიერ გამოყენებული გვირაბები. ექსტრემისტებმა განაახლეს სარაკეტო იერიშები ისრაელის ქალაქებზე, რის გამოც აშშ "მძლავრ შეშფოთებას" გამოთქვამს ძალადობის ესკალაციის თაობაზე.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ 17 მაისს, დილით ადრე ინტენსიური საჰაერო იერიში განახორციელა ღაზის სექტორზე და გაანადგურა ექსტრემისტების 15 კილომეტრის სიგრძის გვირაბები, ისევე, როგორც "ჰამასის" მეთაურების ცხრა სახლი. ისრაელის განცხადებით, კიდევ სხვა თავდასხმას ემსხვერპლა ჰასემ აბუ ჰარბიდი, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური ჯიჰადის" მეთაური. ჰარბიდის მკვლელობა, სავარაუდოდ, მწვავე რეაქციას გამოიწვევს ექსტრემისტული ჯგუფისგან, რომელიც "ჰამასის" გვერდით იბრძვის.

ქალაქ ღაზაში ძლიერად დაზიანდა სამსართულიანი სახლი, რომლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისრაელმა ისინი იერიშამდე 10 წუთით ადრე გააფრთხილა და მათ შენობა დატოვეს.

ექიმების ცნობით, 17 მაისს ღაზაზე ისრაელის მიერ მიტანილ იერიშს ემსხვერპლა სულ მცირე სამი პალესტინელი. ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელში 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბიჭი და ერთი სამხედრო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ვაშინგტონი კვლავ "ძლიერად შეშფოთებულია" ძალადობის ესკალაციით და დასძენს, რომ აშშ "ინტენსიურად" მუშაობს ძალადობის დასასრულებლად.

კოპენჰაგენში ვიზიტით მყოფმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას და ღაზაში "ჰამასსა" და სხვა ჯგუფებს სარაკეტო იერიშების დასრულებისკენ მოუწოდა.

ბლინკენი ისრაელსაც და პალესტინელებსაც მოუწოდებს, "დაიცვან სამოქალაქო პირები" და ბავშვები და დასძენს, რომ ისრაელს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი თავიდან იქნეს აცილებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG