Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობა შეწყვიტა ცხინვალის ციხის ექვსმა პატიმარმა


ოკუპირებული ცხინალის რეგიონის ციხეში მყოფმა ექვსმა პატიმარმა შიმშილობის აქცია შეწყვიტა. ისინი კრიმინალური მილიციის ყოფილი თანამშრომლები არიან და ბრალი ედებათ ცხინვალის მცხოვრების ინალ ჯაბიევის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეში. 9 მაისს მათ დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართეს და აცნობეს, რომ იწყებდნენ უვადო შიმშილობის აქციას, და მოითხოვდნენ მათ მიმართ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო.

„ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებმა ნანიევმა, ბაგაევმა, ჯიოევმა, კოზონოვმა, სლანოვმა და ხუგაევმა 9 მაისს დაწყებული უვადო შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. მათ წინასწარი პირობები და მოთხოვნები არ წამოუყენებიათ. როგორც ბრალდებულებმა განაცხადეს, შიმშილობის აქციის დაწყება მიზნად ისახავდა, საზოგადოებამდე და დაზარალებულებამდე (ჯაბიევის ოჯახამდე) ინფორმაციის მიტანას იმის შესახებ, რომ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში დამნაშავეები არ არიან“, - განაცხადეს დე ფაქტო პროკურატურაში. მათ ოსურ მედიას დაუდასტურეს, რომ პატიმრებმა შიმშილობის აქცია 17 მაისს შეწყვიტეს.

დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში ასევე განმარტეს, რომ მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. კრიმინალური მილიციის ყოფილი თანამშრომლების ნათესავებმა მანამდე დე ფაქტო პროკურატურას, დე ფაქტო პარლემენტს და დე ფაქტო ომბუდსმენს ბრალდებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს. ბრალდებულები ასევე ყალბი საექსპერტო დასკვნის გაცემაში ადანაშაულებენ ცხინვალელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტს ზარინა ძაგოევას. მის მიერ დაწერილი პირველი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ინალ ჯაბიევის სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, რაც მისთვის მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია. ამის შემდეგ რუსეთში დამატებით ორი სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა, ამ ექსპერტიზის პასუხების მიხედვით გულის გაჩერება მიყენებულ დაზიანებებთან კავშირში არ არის და ის ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებების მიზეზით მოხდა. ბრალდებულები რუსი ექსპერტების დასკვნას ენდობიან, მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახი კი ადგილზე ჩატარებულ ექსპერტიზას.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. გასული წლის 4 დეკემბერს ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით. აქცია უწყვეტ რეჟიმში 26 თებერვლამდე გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG