Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტა სურს


ქალაქი ღაზა. 2021 წლის 17 მაისი
ქალაქი ღაზა. 2021 წლის 17 მაისი

აშშ-ს სურს, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდეს. ვაშინგტონის ეს პოზიცია პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 მაისს საღამოს, სატელეფონო საუბრისას გააცნო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს. ბოლო ერთ კვირაში ბაიდენმა და ნეტანიაჰუმ ტელეფონით მესამედ ილაპარაკეს.

თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ისევ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, თავი დაიცვას და მიესალმა ძალისხმევას, რომლის მიზანია იერუსალიმში სიმშვიდის დამყარება. ჯო ბაიდენმა ისრაელს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს უდანაშაულო სამოქალაქო პირების დასაცავად და მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას.

ისრაელის არმიასა და პალესტინელთა დაჯგუფება „ჰამასს“ შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის ოფიციალურ განცხადებებში ცეცხლის შეწყვეტაა ნახსენები.

პრეზიდენტ ბაიდენის და პრემიერ-მინისტრ ნეტანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ, გამოცემა Axios-მა ისრაელის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას არ დაუსახელებია „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულების კონკრეტული დრო, თუმცა, ისრაელი გააფრთხილა, რომ მასზე საერთაშორისო ზეწოლის შეკავების შესაძლებლობები უმცირდება. წყაროს თანახმად, აშშ-ის პოზიციის ზოგადი შინაარსი ის არის, რომ ისრაელს მხარს უჭერს, თუმცა, სურს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდეს.

ისრაელის არმიის და "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება ერთი კვირის წინ განახლდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელების რამდენიმე ოჯახის გასახლება. ამ გადაწყვეტილებას იერუსალიმში მოჰყვა საპროტესტო აქციები და მასობრივი არეულობა. პალესტინელთა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ გამოაცხადა, რომ იერუსალიმს დაიცავს და 10 მაისს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო შეტევა მოჰყვა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ კვირაში, ღაზის სექტორში დაიღუპა 212 ადამიანი, მათ შორის 61 ბავშვი. ისრაელის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე დაღუპულია 10 ადამიანი, მათგან 2 ბავშვი.

XS
SM
MD
LG