Accessibility links

site logo site logo

მაღაზიის მეპატრონის თქმით, დმანისში რამდენიმე ქართველმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


ადგილობრივი ეთნიკურად აზერბაჯანელების კუთვნილი მაღაზია დმანისში

დმანისში მდებარე მაღაზიის მეპატრონე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე ამბობს, რომ წუხელ საჯარო შერიგების მიუხედავად, რამდენიმე ქართველმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დმანისში, პირველი ფიზიკური დაპირისპირება ადგილობრივ სვანებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის სწორედ ამ მაღაზიასთან მოხდა.

„მაღაზია დღეს გავხსენით. ჩემი მეუღლე მუშაობდა. რამდენიმე წუთის წინ ჩამოიარა მანქანამ და გვაგინეს, თქვენი დედა ******-ო. როგორ შეიძლება ასე?“, - ეუბნება მოქალაქე რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, ადგილობრივმა სვანებმა სუბარუს მარკის მანქანით ჩაიარეს მაღაზიასთან.

მაღაზიის მეპატრონემ გამოიძახა პოლიცია, რომელიც უკვე ადგილზეა.

განახლება: მეპატრონის თქმით, უსაფრთხოების დასაცავად მაღაზიასთან რჩება პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, სუბარუთი მოძრავ ქართველებს კი გაფრთხილება მისცეს.

16 მაისს მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. მაღაზიაში დაწყებული კონფლიქტი უფრო ფართო დაპირისპირებაში გადაიზარდა მომდევნო დღეს, როცა ასობით ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და ქართველმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს.

ადგილობრივები და ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ და საღამოს საჯარო შერიგებაც გამოაცხადეს.

დმანისში ამ დრომდე გაძლიერებულია საპოლიციო კონტროლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG