Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესიისადმი მტრული დამოკიდებულება ამცირებს მის ეფექტიანობას - საპატრიარქო დმანისზე


ეკლესიისადმი ცილისმწამებლური თუ მტრული დამოკიდებულება ამცირებს მის ეფექტიანობას დმანისის მსგავს შემთხვევებში, - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„გვისვამდნენ შეკითხვას - რატომ მიიღო ეკლესიამ მონიწილეობა. ეკლესია თავისთავად არის მშვიდობისმყოფელი და, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენდამი არსებობს მოსახლეობის ნდობა, რა თქმა უნდა, ის უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, დმანისში ეთნიკურ ქართველებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის მომხდარი კონფლიქტი დარეგულირდა სახელმწიფოს, ადგილობრივი სასულიერო პირების, მუფტისა და საპატრიარქოს, ასევე, ადგილობრივი ავტორიტეტის მქონე ასაკოვანი ადამიანების ჩართულობით.

„ჩვენთან ერთად, პირველი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობისაკენ. მადლობა ეკუთვნის ყველას და მოურიდებლად შემიძლია ვთქვა, რომ საპატრიარქოსაც“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე და ამატებს: „თუმცა რატომღაც საკმარისი გამოხმაურება არ აქვს შერიგების სიხარულს“.

საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ შერიგება „უფრო მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, ვიდრე ხდება ამის გაშუქება“.

დეკანოზ ჯაღმაიძის მტკიცებით, ადგილობრივებთან კომუნიკაციის შედეგად, ცხადი გახდა, რომ კონფლიქტის დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული, თუმცა ვარაუდების გამოთქმისგან საპატრიარქო თავს იკავებს.

„ყოველი დაყოფა რაიმე ეთნიკური ნიშნით არის ძალიან საშიში და ჩვენ ვნახეთ მცდელობა ამისი - სამწუხარო ყოფითი მოვლენის ფართო დაპირისპირებაში გადატანის მცდელობა, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა დიდი უსიამოვნება“, - ამბობს ჯაღმაიძე.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფართო დაპირისპირებაში ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მხარეებმა, შერიგების ნიშნად, საჯაროდ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და ხელისუფლებამ კონფლიქტი ამოწურულად გამოაცხადა. ქალაქში ამ დრომდე გამკაცრებულია საპოლიციო კონტროლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG