Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმანისი: ყოფითი კონფლიქტი ეთნიკური ქვეტექსტით — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე მოკლედ


პოლიცია ქალაქ დმანისის შესასვლელთან
პოლიცია ქალაქ დმანისის შესასვლელთან

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფართო დაპირისპირებაში ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მხარეებმა, შერიგების ნიშნად, საჯაროდ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და ხელისუფლებამ კონფლიქტი ამოწურულად გამოაცხადა. ქალაქში ამ დრომდე გამკაცრებულია საპოლიციო კონტროლი. 

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ადგილობრივი აზერბაიჯანელების კუთვნილ ერთ-ერთ მაღაზიაში მივიდა რამდენიმე ადგილობრივი სვანი და ნისიად ითხოვა ალკოჰოლური სასმელი, რაზეც უარი მიიღო. გამყიდველი ქალის თქმით, მათ ადრეც რამდენჯერმე წაიღეს პროდუქტი, თუმცა ფული მაღაზიაში არ მიუტანიათ.

უარის გამო, ქართველებმა აგინეს გამყიდველს, რომელსაც იქვე მყოფი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი კაცი გამოექომაგა. ურთიერთშეურაცხყოფა მაღაზიის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

მაღაზიის მეპატრონის მტკიცებით, რამდენიმე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჩავიდა მაღაზიასთან და სცადეს გაშველება, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, სვანები წავიდნენ და დაიბარეს, დავბრუნდებითო.

მაღაზიის მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც, მისივე მტკიცებით, ადგილი დაათვალიერა და მალევე წავიდა.

დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ეთნიკურად აზერბაიჯანელების რამდენიმეკაციანი ჯგუფი იჯდა მაღაზიის კიბეებზე, როცა ქართველების უფრო დიდი ჯგუფი დაბრუნდა და ატყდა ხელჩართული ჩხუბი. ერთმანეთს სამშენებლო მასალების მაღაზიდან გამოტანილი ხელსაწყოებით, ფიცრებით, უროთი და თოხით ურტყამდნენ.

იყო თუ არა ჩხუბის წინაპირობა ეთნიკური მოტივი?

ადგილობრივი აზერბაიჯანელები და ქართველები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ გვერდიგვერდ ცხოვრების მიუხედავად, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა ნაკლებად აქვთ. მათივე თქმით, აქამდე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, წარსულში კი ყოფილა მცირე კონფლიქტები, თუმცა ეს არასდროს გადაზრდილა მასშტაბურ დაპირისპირებაში.

ალაჰ ვერდი ორდღიანი კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მონაწილეა.
ალაჰ ვერდი ორდღიანი კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მონაწილეა.

„თუ ადამიანი ბოროტია, ესე იგი, ბოროტია“, - ამბობს ალაჰ ვერდი, ინციდენტის მონაწილე და განაგრძობს: „თუმცა როცა გვაგინებდნენ, იძახდნენ, აზერბაიჯანელებო, თქვენი ყველასიო. ეს შეიძლება ნიშნავდეს რამეს“.

რა მოხდა შემდეგ?

მომდევნო დღეს, დილის 11 საათიდან, რამდენიმე ასეულმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ჯგუფურად გაიარა მთელი ქალაქი და ჩავიდა სვანების უბანში.

სვანები დმანისის ერთ-ერთ უბანში 80-იანი წლების ბოლოდან ცხოვრობენ კომპაქტურად.

მათი მტკიცებით, ისინი გარეთ აზერბაიჯანელებისგან თავდასაცავად გავიდნენ. საქართველოს მოქალაქეების ორმა ჯგუფმა ერთმანეთს დაუშინა ქვები, დაუპირისპირდნენ ხელკეტებით. ეს ამბავი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. კონფლიქტმა ეთნიკური ელფერი შეიძინა.


ადგილობრივებისა და ხელისუფლების ინფორმაციით, ხალხი მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა. ფანჯრები ჩაუმსხვრიეს და დააზიანეს რამდენიმე ავტომობილიც.

სვანების ნაწილი აგრესიული იყო მედიის წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფების მიმართ. დაშავდა პირველი არხის გადამღები ჯგუფი. ისინი მედიას სდებდნენ ბრალს ვითარების გამწვავებასა და სვანების დადანაშაულებაში. ხელისუფლება ასევე ამტკიცებდა, რომ მედიამ ხელი შეუწყო პროცესის დაძაბვას.

რატომ გახდა პროცესი უკონტროლო?

რამდენიმე პოლიციელი კი ჩადგა შუაში სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის, თუმცა მათი ჯაჭვი აღელვებულმა ხალხმა მარტივად გაარღვია.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, მაღაზიასთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, დმანისში პოლიციელთა რაოდენობა 150-200 კაცამდე გაზარდეს, „თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო ეს ძალები საკმარისი“.

პოლიციას საათების განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდა დმანისში შესასვლელი გზა.
პოლიციას საათების განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდა დმანისში შესასვლელი გზა.

დააკავეს თუ არა ვინმე?

ამ ეტაპზე არავინაა დაკავებული. ოფიციალური ინფორმაციით, მაღაზიასთან ჩხუბის გარშემო გამოძიება იმავე საღამოს დაიწყო. ამ ინციდენტში მონაწილე ქართველები პოლიციის შენობაში იმყოფებიან გამოკითხვაზე, თუმცა არ არიან დაკავებულები.

ჯერჯერობით არავინაა დაკავებული სვანების უბანში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტზეც.

ამასთან, შს მინისტრის მტკიცებით, გამოძიება გრძელდება და დაისჯება ყველა დამნაშავე.

როდის ჩაერთო ხელისუფლება?

დაახლოებით 14:30 საათზე დმანისში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ადგილზე, ასევე, ჩავიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმოშობით სვანი დეპუტატები სოზარ სუბარი და ვიქტორ ჯაფარიძე და წარმოშობით აზერბაიჯანელი დეპუტატები სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი. ასევე, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი

„ამ თემას [ეთნიკურ დაპირისპირებას] არ დავუშვებთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში. მეორე, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეზობელია და მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ. ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა, არის ქვეყნის მტრობა“, - თქვა დმანისში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

არასამთავრობო სექტორი და თავად აზერბაიჯანული თემის ნაწილი წლებია აკრიტიკებს სახელმწიფოს მიდგომას - მათი მტკიცებით, აზერბაიჯანელებს - რომლებიც საუკუნეებია საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ - ხელისუფლება მეზობელი ქვეყნის დიასპორად მიიჩნევს. მათივე თქმით, ეს დადასტურდა გომელაურის ბოლნისში განცხადებით, როცა მან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი.

გომელაურის მიმართვის შემდეგ, განცხადება გაავრცელა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.

როგორ ჩაცხრა სიტუაცია?

სვანების უბანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მოქალაქეების ორივე ჯგუფი მიმოიფანტა, ქართველები კი დმანისის ცენტრში შეიკრიბნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისის მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფთან მოსალაპარაკებლად გაიყვნენ.

ადგილობრივი სვანების ნაწილმა, ვითარების განსამუხტად, მაღაზიასთან მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებულთა უპირობო გათავისუფლება მოითხოვა და ხელისუფლებისგან ამის პირობაც მიიღო.

„ყველა არის ერთ აზრზე. ძალიან სამწუხარო იყო ინციდენტი, რომელიც გუშინ მოხდა და დღეს გაგრძლდა“, - თქვა დმანისის მერიის შენობაში შეკრებილი მოქალაქეების წარმომადგენლებისა და სასულიერო ლიდერების წინაშე დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

„ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება“, - დაამატა მან, რის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლურად ხელი ჩამოართვეს.

მართლაც შერიგდნენ მხარეები თუ პრობლემა ისევ რჩება?

შერიგების გამოცხადებისთანავე, „გამარჯვების ნიშნად“ დმანისის ცენტრში სვანებმა ხელნაკეთი ხის ჯვარი აღმართეს და სვანურ ენაზე ილოცეს.

დმანისის ცენტრში ჯვარი აღიმართა კონფლიქტის ამოწურვის ნიშნად
please wait

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

ამასთან, ქალაქის ცენტრში შეკრებილების ნაწილი აკრიტიკებს ხელისუფლების მიდგომას და ამბობს, რომ პროცესი სამართლებრივ სივრცეში უნდა დარჩენილიყო და უბრალო მოლაპარაკებით პრობლემა არ მოგვარდება.

„როცა დანაშაული ხდება, უნდა გადაწყდეს სამართლებრივად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლილე ჩხეტიანი და განაგრძობს: „ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება და გამოკითხვა იქნებოდა სამართლებრივად სწორი“.

არსებობს თუ არა კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე?

ქართველები, რომლებიც მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილეობდნენ და რომლებიც „გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები“, ხელისუფლების დაპირებით, გუშინვე უნდა გათავისუფლებულიყვნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯერჯერობით ისინი ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

საჯარო ხელის ჩამორთმევა ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის, შერიგების ნიშნად.
საჯარო ხელის ჩამორთმევა ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის, შერიგების ნიშნად.

თუ ეს პირობა არ შესრულდება, ლილე ჩხეტიანის აზრით, სიტუაციის გამწვავების საფრთხე გაჩნდება. მისივე თქმით, ვითარებას გაართულებს ისიც, თუ დიდხანს გაგრძელდა მკაცრი საპოლიციო კონტროლი.

ამასთან, წუხელ საჯაროდ შერიგების მიუხედავად, დმანისში მდებარე მაღაზიის მეპატრონე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქის თქმით, დღეს რამდენიმე ქართველმა მის მაღაზიასთან გინებით ჩაიარა. მისივე თქმით, მან პოლიცია გამოიძახა, რომელმაც ქართველებს გაფრთხილება მისცა და უსაფრთხოების დასაცავად მაღაზიასთან დარჩა.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG