Accessibility links

site logo site logo

ბორჯომში ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებთან დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ჩავიდა


ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის პროტესტის მეორე დღეს გაფიცულ თანამშრომლებთან სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი ჩავიდა. ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ კომპანიას სურს მათი ჩამოშორება პროცესებისგან, გაფიცული თანამშრომლები კი მედიასთან დამსაქმებლის მხრიდან დაშინებისა და გაჩუმების მცდელობებზე საუბრობენ.

"ახლა გავეცნობი პრობლემებს, ჩამოსული ვარ იმისთვის, რომ გავეცნო რა პრობლემები აქვთ, უმთავრესი ამოცანაა მოლაპარაკება შედგეს", - უთხრა მედიას ანტონ ობოლაშვილმა ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრამდე. თავად საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ მიმართ კომპანიის მხრიდან ზეწოლის მცდელობებს აქვს ადგილი და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები სთხოვენ, არ გამოჩნდნენ კამერებთან და არ მისცენ მედიას კომენტარები, თუკი სამსახურის დაკარგვა არ უნდათ.

"მე პირადად ერთადერთი ადამიანი ვარ ოჯახში, რომელიც ვმუშაობ. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მე რომ რაღაც საფრთხე დამემუქროს, არ ვიცი, ჩემ შვილებს რა ეშველებათ. ამიტომ იკავებს თავს ყველა ინტერვიუზეც. როგორც ოჯახიდან არ გინდა გაიტანო რაღაც პრობლემები გარეთ და ყველაფერზე საუბარი სხვებთან, ანალოგიურად ვართ ჩვენც. მეც და ბევრი სხვა ადამიანიც ვართ ერთგულები [კომპანიის მიმართ], საქმეს არავინ არ ტოვებს გაუკეთებელს, მაგრამ ვინმე ხედავს ამ ჩვენს შრომას და ერთგულებას და აფასებენ სათანადოდ? გადახედონ, რა ფუნქციებში რამდენს გვიხდიან", - უთხრა რადიო თავისუფლებას ქარხნის გაფიცულმა თანამშრომელმა, ირინა სილაგაძემ.

გაფიცვას ბორჯომის ქარხნებში წინ უძღოდა 21-დღიანი მედიაციის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროსა და პროფკავშირების ჩართულობით.

"ყველაფერს თავისი ვადა აქვს, ვერ მოვილაპარაკეთ, ჩაბარდა წერილი, რომელიც ატყობინებს კომპანიას, რომ გაფიცვა იწყება, ყველა პროცესი იყო დაცული. ის ინფორმაცია, რომ კეთილ ნებას გამოხატავენ და დასაქმებულებს უკეთდებათ რაღაცეები, ეს მისაღებია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ დასაქმებული კმაყოფილია. დღესაც გაიჟღერა მუქარის ზარებმა, ჩვენ გვინდოდა, რომ მშვიდობიანად დასრულებულიყო ეს ყველაფერი და ვიპოვიდით ოქროს შუადელს", - ამბობს რადიო თავისუფლებისთან "ბორჯომის" კიდევ ერთი გაფიცული თანამშრომელი, ეკატერინე ნინიაშვილი.

გაფიცულებთან ერთად ბორჯომში იმყოფება პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე. ის ამბობს, რომ კომპანია პროცესიდან პროფკავშირების ჩამოშორებას და დასაქმებულებთან პირისპირ კომუნიკაციას ითხოვს, რაც აპრობირებული გზაა ასეთ შემთხვევებში, თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამჯერად ეს არ გამოვა.

"ადმინისტრაციის ინიციატივა იყო, ერთგვარი ვირეშმაკობა, რომ დასაქმებულები ცალკე მოეგდოთ ერთად. დასაქმებულები იმდენად ერთიანები არიან, ამბობენ, რომ მოლაპარაკებებში შევლენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება პროფკავშირები ჩართული. თუ მოლაპარაკება უნდა დამსაქმებელს, უნდა ვილაპარაკოთ ერთად, პროფკავშირები აქტიურად იყო ჩართული პროცესში. ეს ჩვეულებრივი ხერხია მათი მხრიდან, დასაქმებულებს ხშირად არ აქვთ დაცვის მექანიზმები და აქამდე რომ არ ქონდათ ეს მექანიზმები, ამიტომ მუშაობენ 10 წელი ამ პირობებში. დამსაქმებელი ფიქრობს, რომ პროფკავშირები ხელს უშლის, დასაქმებულებს შრომის კოდექსს და ამ კოდექსის მიხედვით მოქმედება ასწავლა და უნდა, რომ გვერდით ჩაგვწიოს და გააგრძელოს ამ ხალხის ექსპლუატაცია და ლიმონივით გაწურვა. ეს არ გამოუვათ", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი დიასამიძემ, პროფკავშირების წარმომადგენელმა.

თანამშრომლების გაფიცვას 18 მაისს გამოეხმაურა განცხადებით კომპანია "ბორჯომი". განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მზად არიან, დასაქმებულთა ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი განაწილების პრინციპით განახორციელონ.

"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას მოითხოვენ.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. ქარხნის მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ. თავად კომპანია ამბობს, რომ ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს და მათი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელზე. კომპანიის მტკიცებით, ხელფასების გაცემაზე პრობლემა და შეფერხება არ ყოფილა პანდემიის დროს, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად.

"ბორჯომის" ქარხნების გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG