Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბორჯომი" დროებით აჩერებს ქარხნების მუშაობას, გაფიცულები პროტესტს არ წყვეტენ


ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, – ამის შესახებ IDS ბორჯომი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ეს არის გზა, არ შეასრულოს "ბორჯომმა" ის მოთხოვნები, რაც მათ აქვთ. პროტესტის ორგანიზატორი პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ კომპანიის განცხადების მიუხედავად პროტესტი გაგრძელდება და მოუწოდებს მთელი ქვეყნის მოქალაქეებს, ხვალ დღის 12 საათისთვის შეუერთდნენ გაფიცულების პროტესტს ბორჯომში.

კომპანია "ბორჯომის" პოზიცია ასეთია - ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების [პროტესტის] შეწყვეტისთანავე.

„ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვის მიუხედავად, გუშინ წარმოების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდებოდა, თუმცა აქციის მსვლელობისას, ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს ქარხნებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რაც დღესაც გრძელდება. როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში მყოფი ქარხნების მუშაობა.

ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი. თუმცა სატვირთო ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულების ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს და თავად გაფიცულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

"პროვოკაციებში, აქციებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაში კომპანია ადანაშაულებს პროფკავშირებს და კონკრეტულად მე. ამით ირიბად იმის თქმა უნდა, რომ გავაჩერებთ საწარმოს და რა ხელფასსაც იღებთ, იმასაც ვეღარ მიიღებთ. ამას ამბობს ირიბად. ახლა სპონტანურად მოგვივიდა ასეთი იდეა - თუ ეს კომპანია ამ ქარხანას ვერ ამუშავებს, სახელმწიფომ მოიძიოს ისეთი კომპანია, რომელიც ხალხს დაასაქმებს ღირსეულად და ქარხანას აამუშავებს. და თუ კომპანია ამას ვერ გააკეთებს, სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება, დაგასაქმოთ. არც ერთი ბორჯომელი, არც ერთი ქართველი არ დაუშვებს ამ საწარმოს გაჩერებას", - ასე მიმართა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ ბორჯომში ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს.

ბორჯომში გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:27 0:00

"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას მოითხოვენ. დღეს აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. ქარხნის მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ. თავად კომპანია ამბობს, რომ ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს და მათი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელზე. კომპანიის მტკიცებით, ხელფასების გაცემაზე პრობლემა და შეფერხება არ ყოფილა პანდემიის დროს, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად.

"ბორჯომის" ქარხნების გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG