Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აიკრძალა ძალოვნებზე და მოსამართლეებზე მონაცემების შეგროვება


რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და მოსამართლეების პირადი მონაცემების შეგროვებას, თუკი ეს დაკავშირებულია მათ სამუშაოსთან. გარდა ამისა, ასეთი მონაცემების გავრცელებისთვის ჯარიმა გაიზარდა 40-ჯერ, ხოლო მონაცემთა გასაჯაროების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის მოქმედება გაფართოვდა. ცვლილებების ტექსტი სახელმწიფო დუმის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

ამჟამად ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისა და მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ათას რუბლამდე ჯარიმით ისჯება მოქალაქეებისთვის და ხუთი ათასამდე - თანამდებობის პირთათვის. ამიერიდან მოქალაქეთათვის მაქსიმალური ჯარიმა გაიზრდება ათი ათას რუბლამდე, თანამდებობის პირთათვის კი - ორმოცდაათი ათას რუბლამდე. დაწესდება ცალკე სასჯელი იურიდიული პირებისთვის - 200 ათას რუბლამდე ჯარიმა.

სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები მონაცემთა გასაჯაროებაში დადანაშაულების საშუალებას იძლევა არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამან შესაძლოა ამ პირების მუშაობას შეუშალოს ხელი, როგორც ეს აქამდე იყო გათვალისწინებული. თანამდებობის პირები, რომლებიც თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ მოიპოვებენ ინფორმაციას და მას მესამე მხარეს გადასცემენ, შესაძლოა დაპატიმრებულ იქნენ ვადით ოთხ თვემდე, თუკი მათი მოქმედება არ ისჯება სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის შესახებ კანონით.

ახალმა კანონებმა, კერძოდ, შესაძლოა გაართულოს ავტორების საგამოძიებო მუშაობა მოვლენებზე, რომლებშიც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მაგალითად, დოკუმენტი სისხლის სამართლის დევნის საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებს, რომლებსაც მოეპოვებათ მონაცემები პოლიციელებზე, სპეცსამსახურების თანამშრომლებსა და მოსამართლეებზე.

XS
SM
MD
LG