Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაასრულა ბრიუსელში ოთხდღიანი ვიზიტი. კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, კომიტეტების თავმჯდომარეებს და ევროკომისრებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, ბრიუსელში აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოში დადებითად წარმართული პროცესები და პროგრესი, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერით და მის შემდგომ განვითარებული მოვლენებით მიაღწიეს, უფრო ამბიციური დღის წესრიგის საწყისი იქნება.

„რაც მთავარი არის, დავამტკიცოთ იმ რეფორმებით და გადადგმული ნაბიჯებით, რომ ჩვენ 2024 წელს შევიტანთ განაცხადს და მალე გავხდებით ევროკავშირის წევრები," - უთხრა ჟურნალისტებს კახა კუჭავამ.

„ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ხელმოწერამ სათავე დაუდო საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაიწყეს „ლელოს“, „გირჩის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატებმა და „ევროპული საქართველოს“ სიით არჩეულმა ცალკეულმა წევრებმა. ამ ეტაპზე პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკი. შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირებასაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც ბრიუსელში 16 მაისს ჩავიდა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ჯოანა მირჩეასაც შეხვდა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში იყვნენ ვიცე-სპიკერი, პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG