Accessibility links

site logo site logo

"საქართველოს ევროპული მომავალი აქვს" - ზურაბიშვილმა და მიშელმა Op-Ed-ი გამოაქვეყნეს


შარლ მიშელი, სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა euronews.com-ზე ერთობლივი Op-Ed-ი („საქართველოს ევროპული მომავალი აქვს“) გამოაქვეყნეს.

როგორც პრეზიდენტები წერენ, დღეს ევროკავშირისა და საქართველოს კავშირი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოდესმე. მათი შეფასებით, ასეთ მიღწევაზე ვერავინ იფიქრებდა 1991 წელს, როდესაც ქვეყანა საბჭოთა მმართველობისაგან გათავისუფლდა. თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა.

ზურაბიშვილი და მიშელი ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე და მიუთითებენ, რომ ფარულმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა.

„ჩვენ, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, გვსურს ჩვენი უდიდესი კმაყოფილება გამოვხატოთ შეთანხმების მიღწევისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მასზე ხელმოწერის გამო. ეს შეთანხმება ასრულებს კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, გასული ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლა შეეფერხებინა და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე. ლიდერების, დიალოგისა და კომპრომისის მეშვეობით საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის კეთილდღეობისათვის განსხვავებები გვერდით გადადეს, რაც ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა და საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი დემოკრატიის იმიჯი გააცოცხლა“, - აცხადებენ ზურაბიშვილი და მიშელი.

პრეზიდენტების აზრით, ევროპის მხარდაჭერით, ეს შეთანხმება ქვეყნის ინსტიტუციების რეფორმებს გააღრმავებს.

გარდა ამისა, ისინი აქცენტს აკეთებენ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე: „ქართველებმა დაინახეს, რომ კრიზისის დაძლევაში მარტო არ იყვნენ. დღემდე, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტითა და ჯამურად, 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია დაახლოებით, 1,85 მილიარდი ევროა (რამდენიმე რომ ჩამოვთვალოთ) ეკონომიკურ განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში“.

ზურაბიშვილი და მიშელი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც სტაბილურსა და მტკიცე ევროპულ პარტნიორს რეგიონში, რაც აუცილებელია ევროპული ღირებულებების, უსაფრთხოებისა და ურთიერთკავშირისათვის. მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც რეგიონული ლანდშაფტი ფორმირებას განიცდის, საქართველო იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

პრეზიდენტებს მიაჩნიათ, რომ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ახლა ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გაღრმავება და თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება სჭირდებათ.

19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა, პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG