Accessibility links

site logo site logo

ისევ არ შეუშვეს - იქნება აქცია ნინოწმინდის პანსიონთან?


მოკლედ, არც ამჯერად შეუშვეს.

სახალხო დამცველის ჯგუფსა და საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონზეა ლაპარაკი.

ნინოწმინდაში ომბუდსმენის წარმომადგენლები 19 მაისს ისევ ჩავიდნენ იმ იმედით, რომ პანსიონში შესვლას ამჯერად მაინც შეძლებდნენ. თუმცა, ამაოდ - ისევ უარი მიიღეს.

ამბად შემოუთვალეს, კართან მოახლოების (და მითუმეტეს, დალაპარაკების) კურთხევა არ გვაქვსო.

პანსიონის ჩაკეტილი კარის ვიწრო ღრიჭოებიდან არაფერი მოჩანს - მხოლოდ ის, ეზოში თუ ვინმე გაივლის. პანსიონს გალავანი იცავს.

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი კარგად ხანს იდგა პანსიონის ჭიშკართან და ვინმესთან დაკავშირებას ცდილობდა.

ეკატერინე სხილაძე ამ ღრიჭოებიდან ხედავდა, რომ ეზოში ბავშვები მოძრაობდნენ, იქვე იყვნენ, სავარაუდოდ, მათი აღმზრდელებიც. თუმცა მათ ძახილს არავინ გამოეხმაურა.

თუ ერთი თვით ადრე, 15 აპრილს, პანსიონის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალი გალავნის ჭიშკარს მაინც მოუახლოვდა, მოისმინა რა სურდათ, მერე უკან წავიდა, ოღონდ აღარ დაბრუნდა, ამჯერად - სახალხო დამცველის ჯგუფს არც კი მოუახლოვდნენ.

სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა. ბოლოს, როგორც იქნა, სოციალური მუშაკის დახმარებით პანსიონის ზედამხედველს დაუკავშირდნენ, რომელმაც ასევე სოციალური მუშაკის პირით შემოუთვალა, ჭიშკართან მოსვლის კურთხვევა არ გვაქვსო.

ეს კურთხევა, მათ, სავარაუდოდ სხალთის მთავარეპისკოპისის, მეუფე სპირიდონისგან უნდა მიეღოთ, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პანსიონი და რომელი მეუფის პოზიციაც ამ საკითხზე უკვე ცნობილია.

მისი აზრით, „ომბუდსმენის წარმომადგენლების ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ ოჯახში შეშვებაც არ შეიძლება... წაბილწავენ იქაურობას...მე რომ მკითხოს კაცმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს და საქართველოში არ უნდა იყვნენ საერთოდ. ასეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“.

ჭიშკართან უშედეგოდ ლოდინის შემდეგ, ომბუდსმენის წარმომადგენლები სკოლაში წავიდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ დღეს სკოლა 56-ვე ბავშვმა გააცდინა - პანსიონი, როგორც ეკა სხილაძე ვარაუდობს, მათი ჩასვლის შესახებ ინფორმირებული იყო.

ვიზიტის თაობაზე იცოდნენ ჯანდაცვის სამინისტროში, შსს-ში და იუსტიციის სამინისტროშიც.

ახლა ომბუდსმენს ისღა დარჩენია, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართოს განცხადებით.

ფაქტია, რომ აქამდე არც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებამ გაჭრა - მან ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური ამ საკითხე კვლავ დუმილს ამჯობინებს. ანუ დუმს სახელმწიფო, რომელიც, როგორც ბავშვთა უფლებების დაცმველები აცხადებენ, არის მთავარი პასუხისმგებელი პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვაზე.

თბილისში ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების მხარდასაჭერადერთი აქცია უკვე გაიმართა

ამჯერად, პროტესტმა შესაძლოა ნინოწმინდაში, პანსიონის გალავანთან გადაინაცვლოს. ეს იდეა უკვე არსებობს და აქტივისტთა ჯგუფებში აქტიურად განიხილება.

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა მხოლოდ საუბრით საზოგადოებამ სახელწმიფოს და ეკლესიას ვერ შეასმინა თავიანთი სამართლიანი მოთხოვნების შესახებ, საჭირო იქნება უფრო სერიოზული პროტესტის ფორმების გამოძებნა - და ეს, შესაძლოა იყოს აქცია არა თბილისში, არამედ, ნინოწმინდის პანსიონის გალავანთან.

„რაც დღეს ნინოწმინდში ხდება, ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა უკვე გაეროც მოუწოდებს სახელმწიფოს, შეუშვას ომბუდსმენი პანსიონში, მაგრამ ეს არ სრულდება ერთი ახირებული მღვდლის გამო. ხოლო როცა სახელმწიფო დუმს, ეს ნიშნავს, რომ ის სახელმწიფო ჩამონგრეულია. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია შავახსენოთ ხელისუფლებას, თუ რისთვის არიან არჩეულები და ვაიძულოთ, იმოქმედონ ისე, როგორც ამას მოითხივს კანონი“.

20 მაისს, ნინოწმინდის პანსიონის ამბავს იუსტიციის ყოფილი და ამჟამად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ნინოწმინდაზე ბევრი არაფერი იცის, თუმცა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სხვა სახლებში მას პრობლემა არ შეხვედრია. და იქვე დაამატა, კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში დაუშვებენო.

„თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით. მე, პირადად, ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც, რამდენჯერაც ვყოფილვარ, არცერთი პრობლემა მე, პირადად, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არ მინახავს“ - თქვა თეა წულუკიანმა.

სახალხო დამცველი კი ისევ მოითხოვს სახელმწიფოსგან რეაგირებას. მათ შორის, პანსიონისთვის სააღმზრდელო ლიცენზიის შეწყვეტასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG